თაზო დათუნაშვილი - ძალაუფლებით მოწამლულმა ივანიშვილმა ადამიანს, რომელიც "შვილივით გაზარდა", "რაც გინდათ, დაუძახეთო" - ციხეში გამოკეტვაც არ აკმარა - ეს ავანტიურა უკვე სიცოცხლისთვის საშიში ხდება, განსაკუთრებით, "მისიანებისთვის“ - Palitra News

თაზო დათუნაშვილი - ძალაუფლებით მოწამლულმა ივანიშვილმა ადამიანს, რომელიც "შვილივით გაზარდა", "რაც გინდათ, დაუძახეთო" - ციხეში გამოკეტვაც არ აკმარა - ეს ავანტიურა უკვე სიცოცხლისთვის საშიში ხდება, განსაკუთრებით, "მისიანებისთვის“

2026-08-17 20:21:25+04:00

„ძლიერი საქართველო - ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი, თაზო დათუნაშვილი აცხადებს,რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრის, პატიმრობაში მყოფი, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება „ნათლად აჩვენებს იმ უკიდურეს სასოწარკვეთილებას, რომელიც დღეს “ქართული ოცნების” მმართველობით მოდელს განაგებს და ბიძინა ივანიშვილის რეალურ მდგომარეობას ავლენს“.

ოპოზიციონერის აზრით, ექსპრემიერის წერილი ადასტურებს, რომ ღარიბაშვილი სასჯელს არ იხდის რაიმე კონკრეტული დანაშაულისთვის - „მას უბრალოდ ბატონის რისხვა დაატყდა თავს“.

„ძალაუფლებით მოწამლულმა ივანიშვილმა, ადამიანს, რომელიც "შვილივით გაზარდა", "რაც გინდათ, დაუძახეთო" - ციხეში გამოკეტვაც არ აკმარა და ახლა ოჯახის წევრების უსაფრთხოებით ემუქრება.

აი, ეს სისასტიკე და პოლიტიკური სიგიჟე მართავს დღეს ჩვენს ქვეყანას და შეუქცევადად უფსკრულისკენ მიაქანებს.

ყველა იმ ადამიანმა, ვინც 2012 წლის არჩევნებში ხმა მისცა ტირანული ახირებების წინააღმდეგ, საკუთარ თავს უნდა ჰკითხოს: ამისთვის გავაკეთეთ ეს? მიზანი ეს იყო, რომ 14 წლის თავზე ერთი ადამიანის უკონტროლო ძალაუფლებისთვის მიგვეცა უარესის გაკეთების საშუალება?

ადამიანს, რომელიც საკუთარ უახლოეს გარემოცვას ოჯახის წევრების უსაფრთხოებით ემუქრება - გგონიათ, ჩვენი ხალხის გასაჭირი ადარდებს? მაღალი ფასები? სიღარიბე? ტერიტორიული მთლიანობა? - არა მგონია...

განსაკუთრებით “ქართული ოცნების” ორბიტაზე მყოფმა ადამიანებმა უნდა გაიაზრონ: ფეოდალური მართვის მოდელი, სადაც ყველაფერი ერთი ბატონის ნებასა და რისხვაზეა დამოკიდებული, საბოლოოდ ყველას კარზე მიაკაკუნებს.

ეს ავანტიურა უკვე სიცოცხლისთვის საშიში ხდება - განსაკუთრებით "მისიანებისთვის"...“. - წერს დათუნაშვილი.

ცნობისთვის, ყოფილი პრემიერ-მინისტრი, პატიმრობაში მყოფი ირაკლი ღარიბაშვილი განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ „დღეიდან მისი და მისი ოჯახის უსაფრთხოებაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება ბიძინა ივანიშვილს და მთელ ხელისუფლებას“. როგორც ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, ხვალ, 18 აგვისტოს ვრცელ წერილს გაავრცელებს.