ბერდია სიჭინავას განცხადებით, სასამართლომ ე.წ. ჩორჩანას საქმეში ირაკლი კობახიძის განცხადების მტკიცებულებად დამატების შესახებ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა - Palitra News

ბერდია სიჭინავას განცხადებით, სასამართლომ ე.წ. ჩორჩანას საქმეში ირაკლი კობახიძის განცხადების მტკიცებულებად დამატების შესახებ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა

2026-08-17 20:36:40+04:00

სასამართლომ ე.წ. ჩორჩანას საქმეზე "გახარია საქართველოსთვის" ერთ-ერთი ლიდერის, ყოფილი შს მინისტრისა და ექსპრემიერის, გიორგი გახარიას ადვოკატის შუამდგომლობა, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადების მტკიცებულებად დაშვების თაობაზე, არ დააკმაყოფილა.

გახარიას ადვოკატის და პარტიის აღმასრუბელეი მდივნის, ბერდია სიჭინავას განცხადებით, ბრალდების მხარის პოზიციას, რომ კობახიძის სიტყვები მხოლოდ „პოლიტიკური შეფასებაა“ და საქმესთან რელევანტურობა არ აქვს, მოსამართლეც დაეთანხმა.

დაცვის მხარის განმარტებით, პრემიერის განცხადება, რომ 2012 წლის შემდეგ რუსეთს საქართველოს ტერიტორიაზე წინსვლა არ ჰქონია, პირდაპირ ეწინააღმდეგება პროკურატურის ბრალდებას ყოფილი პრემიერ-მინისტრის წინააღმდეგ.

სიჭინავას თქმით, ამ საქმეში არაერთი პოლიტიკური შეფასება დევს გახარიას წინააღმდეგ, რაც, მისი შეფასებით, ორმაგი სტანდარტია და პოლიტიკურ მართლმსაჯულებაზე მიანიშნებს.

“დღევანდელ სასამართლო პროცესზე ჩვენ დავაყენეთ შუამდგომლობა დამატებითი მტკიცებულების წარდგენის თაობაზე. ეს დამატებითი მტკიცებულება იყო ირაკლი კობახიძის მიერ 2026 წლის 11 აგვისტოს, შინდისის გმირთა მემორიალთან გაკეთებული განცხადება, სადაც მან თქვა, რომ 2012 წლის შემდეგ რუსეთის ფედერაციას ტერიტორიული წინსვლა საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე არ ჰქონია.

ეს განცხადება პირდაპირ ეწინააღმდეგება იმ ბრალდებას, რასაც პროკურატურა ედავება გიორგი გახარიას ცხინვალის მარიონეტული რეჟიმის ნარატივებით, თითქოს ჩორჩანაში მის ქმედებას საპოლიციო საგუშაგოს აღმართვასთან დაკავშირებით საქართველოს კუთვნილი ტერიტორიების დამატებითი ოკუპაცია მოჰყვა.

პროკურატურამ ირაკლი კობახიძის განცხადებას პოლიტიკური შეფასება უწოდა და არარელევანტურად მოიხსენია ჩორჩანას საქმესთან დაკავშირებით, რაც სასამართლომაც გაიზიარა. თურმე ირაკლი კობახიძის შეფასება არის პოლიტიკური და საქმესთან არანაირი შემხებლობა არა აქვს მაშინ, როდესაც ჩორჩანას საქმეზე მტკიცებულებად წარმოდგენილია დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნა და თეა წულუკიანის მიერ გაკეთებული შეფასებები, რომელიც არის პოლიტიკოსი და ეს საპარლამენტო კომისიაც არის პოლიტიკური ინსტრუმენტი. ასევე, არაერთი პოლიტიკური შეფასება დევს ჩორჩანას საქმეში. ანუ ეს განცხადებები რელევანტურია, საქმესთან შემხებლობაშია და გიორგი გახარიას წინააღმდეგ შეიძლება გამოიყენონ, მაგრამ ირაკლი კობახიძის განცხადება, რომელიც ასე ჟღერს, რომ 2012 წლის შემდეგ რუსეთის ფედერაციას ტერიტორიული წინსვლა ჩვენს ტერიტორიაზე არ ჰქონია, ეს თურმე საქმესთან შემხებლობაში არ არის.

ეს არის ორმაგი სტანდარტი და პირდაპირ აჩვენებს პოლიტიკურ მართლმსაჯულებას, რომელიც გიორგი გახარიას მიმართ დღეს ხორციელდება ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე. ძალიან სამწუხაროა, რომ პირველად, საქართველოს ისტორიაში ქართული პროკურატურა აღმოჩნდა იმ მხარეს, რომელ მხარესაც არის ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმი და კიდევ უფრო უარესი - ქართული პროკურატურის მიერ მიღებულ ამ გადაწყვეტილებას უკვე იყენებს ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმი და რუსული მხარე ჟენევის დისკუსიებსა და IPRM-ის შეხვედრებზე, სადაც საერთოდ არ ვიცით, რა თემებზე ესაუბრება ქართული მხარე რუსულ საოკუპაციო რეჟიმს.

ჩორჩანას საქმე არის იმ ჯაჭვის ერთ-ერთი რგოლი, რომელიც ჯაჭვიც არის ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების მიტაცების პროცესი. ჩვენ ვხედავთ აშკარად გამოხატულ ეროვნული ინტერესების, ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის წინააღმდეგ მიმართულ აქტს გიორგი გახარიას მიმართ ჩორჩანას საქმეზე სისხლის სამართლებრივი დევნის განხორციელებით”, - განაცხადა ბერდია სიჭინავამ.