აღმოჩნდა, რომ რუსეთისა და ირანის გარდა, ჩინეთიც სარგებლობს ჩვენი ტერიტორიით პრეზიდენტ ტრამპის მიერ დაწესებული ტარიფებისგან თავის არიდების მიზნით, - ამის შესახებ კოალიცია “ძლიერი საქართველო - ლელოს” ერთ-ერთი ლიდერი, სალომე სამადაშვილი სოციალურ ქსელში ავრცელებს პოსტს, რითაც თეთრი სახლის ანგარიშს ეხმაურება, სადაც „ტვირთების გადაზიდვების ჩრდილოვან ქსელზეა” საუბარი, რომელშიც საქართველოც ფიგურირებს.
“რუსეთი და ირანი, ორივე სანქციების გვერდის ასავლელად იყენებს საქართველოს, ეს უკვე ვიცით, დადასტურებულია ევროკავშირის და აშშ-ს სანქციებით.
აღმოჩნდა, რომ ჩინეთიც სარგებლობს ჩვენი ტერიტორიით პრეზიდენტ ტრამპის მიერ დაწესებული ტარიფებისგან თავის არიდების მიზნით...
მაგრამ ზაფხულია, ვერ მოიცალა ჯერ აშშ-მა ივანიშვილთან “გადატვირთვისთვის...” ვერც “დიპ სტეიტი” დაამარცხა, ჯერ... ეს ანგარიში კი, აშკარად “მადე ინ დიპსეტეიტაა”, - წერს სამადაშვილი.
ცნობისთვის, თეთრი სახლი ჩინეთის „ტვირთების გადაზიდვების ჩრდილოვან ქსელზე” ანგარიშს აქვეყნებს, რომელშიც 40 ქვეყანასთან ერთად საქართველოც მოხვდა. ამის შესახებ თეთრი სახლის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში The Great Transshipment Scam-შია აღნიშნული.
კერძოდ, თეთრი სახლის ანგარიშის თანახმად, ჩინეთი აშშ-ის ტარიფებისთვის გვერდის ავლის მიზნით მესამე ქვეყნებს, მათ შორის, საქართველოს იყენებს.
აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ანგარიშში 40 ეკონომიკას ასახელებს, რომლებიც ჩინეთის „ტვირთების გადაზიდვების ჩრდილოვან ქსელში“ შედიან.