შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და პოლიციის აკადემიას 6 წლის ვადით უპირობო ავტორიზაცია მიენიჭა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსი მოიპოვა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ავტორიზაციის შედეგად, აკადემიას მიეცა უფლება, მიმართოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს საბაკალავრო პროგრამის - „საზოგადოებრივი უსაფრთხოება და საპოლიციო საქმე“- აკრედიტაციის მიზნით.
„პროგრამა უმაღლესი განათლების პირველ საფეხურს - ბაკალავრიატს მიეკუთვნება. მისი მიზანია საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვის, დანაშაულისა და სხვა სამართალდარღვევების გამოვლენის, აღკვეთის, გამოძიების, ანალიზისა და პრევენციის მიმართულებით მაღალკვალიფიციური კადრების მომზადება.
პროგრამის დასრულების შედეგად კურსდამთავრებულს მიენიჭება საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და საპოლიციო საქმის ბაკალავრის კვალიფიკაცია.
პოლიციის აკადემია პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებთან ერთად უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელებასაც შეძლებს“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.