ხატია დეკანოიძე - ირაკლი ღარიბაშვილის წერილი და საქმე, რომელიც მის გარშემოა, საზეპიროა ყველა ჩინოვნიკისთვის - აი, ასე მთავრდება ანტისახელმწიფოებრივი საქმიანობა და ივანიშვილისადმი ლოიალურობა - Palitra News

ხატია დეკანოიძე - ირაკლი ღარიბაშვილის წერილი და საქმე, რომელიც მის გარშემოა, საზეპიროა ყველა ჩინოვნიკისთვის - აი, ასე მთავრდება ანტისახელმწიფოებრივი საქმიანობა და ივანიშვილისადმი ლოიალურობა

2026-08-18 13:17:22+04:00

ირაკლი ღარიბაშვილის წერილი და საქმე, რომელიც ღარიბაშვილის გარშემოა, საზეპიროა ყველა ჩინოვნიკისთვის, „ქართული ოცნებისა“ და ბიძინა ივანიშვილის კოჰორტისთვის - აი, ასე მთავრდება ანტისახელმწიფოებრივი საქმიანობა და ბიძინა ივანიშვილისადმი ლოიალურობა, - ამის შესახებ პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, წერილი დასტურია, „თუ რა ჭაობშია „ქართული ოცნება“.

„ჩემთვის და ზოგადად, მოქალაქეებისთვის საინტერესოა ერთი ფაქტი - ის თუ როგორია ბიძინა ივანიშვილი, როგორ აჯილდოებს და როგორ ექცევა თავის ძალიან ლოიალურ მსახურებს, რაც ყველასთვის გაკვეთილი უნდა იყოს.

მეორე ფაქტია ის, თუ ჭაობსა და წუმპეშია ჩაფლული „ქართული ოცნება“, რაზეც ჩვენ წლების განმავლობაში ვსაუბრობდით. ვსაუბრობდით კორუფციაზე, რომელშიც ჩაფლული იყო ღარიბაშვილი, ლილუაშვილი და სხვები, ვინც პარტია „ქართული ოცნებისთვის“ მილიონებს იპარავდნენ და რომელთაც ხალხი არა ადარდებდათ“, - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

ცნობისთვის, ყოფილი პრემიერ-მინისტრი, პატიმრობაში მყოფი ირაკლი ღარიბაშვილი განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ „დღეიდან მისი და მისი ოჯახის უსაფრთხოებაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება ბიძინა ივანიშვილს და მთელ ხელისუფლებას“. როგორც ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, 18 აგვისტოს ვრცელ წერილს გაავრცელებს.

„ეს წერილი გამომიგზავნეს ბიძინა ივანიშვილის დავალებით. მე ყველაფერი ვცადე და გავაკეთე, რომ ეს ნაბიჯი არ გადამედგა, სამწუხაროდ, სხვა გზა არ დამიტოვეს, რომ წინ არ აღვუდგე ამ ღირსების შემლახავ ბოროტებას! ამ დაუნდობელ სისასტიკეს, ჩაგვრას/უსამართლობას, ჩემი და ჩემი ოჯახის განადგურების ბინძურ გეგმას! ხვალ გავავრცელებ ვრცელ წერილს და საზოგადოებას ვეტყვი ჩემს სიმართლეს! დღეიდან, ჩემი და ჩემი ოჯახის უსაფრთხოებაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება ბიძინა ივანიშვილს და მთელ ხელისუფლებას!“ - აღნიშნულია ირაკლი ღარიბაშვილის წერილში.