თეთრი სახლის ანგარიში კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ საქართველო „ქართული ოცნების“ რეჟიმის პირობებში იმ სახელმწიფოთა ნუსხაშია, რომლებიც არ მოიაზრებიან, როგორც სანდო პოლიტიკური და ეკონომიკური პარტნიორები, - ამის შესახებ „ძლიერი საქართველო - ლელოს“ საგარეო მდივანმა, გრიგოლ გეგელიამ განაცხადა, რითაც თეთრი სახლის ანგარიშს ეხმაურება.
მისივე თქმით, თეთრი სახლის ეს ანგარიში პირდაპირ ამბობს, რომ საქართველო და 30-ზე მეტი სახელმწიფო იმ სახელმწიფოთა რიგშია მოაზრებული, რომელიც ეხმარება ჩინეთს ამ სატარიფო პოლიტიკის გვერდის ავლის პროცესში.
„თეთრი სახლის ანგარიში კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ საქართველო „ქართული ოცნების“ რეჟიმის პირობებში იმ სახელმწიფოთა ნუსხაშია, რომლებიც არ მოიაზრებიან, როგორც სანდო პოლიტიკური და ეკონომიკური პარტნიორები. ამჯერად საქმე ეხება ე.წ. სატრანზიტო თაღლითობის წიაღში საქართველოს წარმოჩენას, როგორც ქვეყნისა, რომელიც მაღალი ალბათობით, ჩინეთის მიერ როგორც გადაყიდვის ერთ-ერთი ეკონომიკური სივრცე, ისე გამოიყენება, იმ ტიპის საქონლის აშშ-ში გასატანად რისი გატანაც ჩინურ კომპანიებს დაუჯდებოდათ ბევრად უფრო მეტი, იმ მაღალი ტარიფის გამო, რაც აშშ-მა დაუწესა ჩინეთს. თეთრი სახლის ეს ანგარიში ძალიან პირდაპირ ამბობს, რომ საქართველო და 30-ზე მეტი სახელმწიფო იმ სახელმწიფოთა რიგშია მოაზრებული, რომელიც ეხმარება ჩინეთს ამ სატარიფო პოლიტიკის გვერდის ავლის პროცესში. ეს თავისთავად არის ძალიან პრობლემური, როგორც ეკონომიკური ასევე პოლიტიკური თვალსაზრისით. საქართველოს მეტი ტარიფების რისკის დაკისრების წინაშე აყენებს და რასაკვირველია, საქართველო სულ უფრო ნაკლებად იქნება განხილული, როგორც პოლიტიკური და ეკონომიკური ღირებულებების მატარებელი პარტნიორი.
ამ სიტუაციაში პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობების გადატვირთვა კიდევ უფრო სასაცილოა, ვიდრე აქამდე იყო, „ქართული ოცნების“ რეჟიმის პოლიტიკის პირობებში, როდესაც ჩვენ აშშ-დან ვისმენთ, რომ ან ეს კურსი შეიცვლება ან აშშ-სთან არ იქნება არავითარი ურთიერთობების ნორმალიზება. ეს არის „ქართული ოცნებისთვის“ კიდევ ერთი დარტყმა და კიდევ ერთი მხილება რეჟიმისათვის, რომელმაც სამწუხაროდ, საქართველო ჩააყენა ყველაზე ჩამორჩენილი სახელმწიფოების რიგში, რომლებიც აღქმულნი არიან არა, როგორც პარტნიორები, არამედ როგორც პრობლემური სივრცეები“, - განაცხადა გეგელიამ.
ცნობისთვის, თეთრი სახლი ჩინეთის „ტვირთების გადაზიდვების ჩრდილოვან ქსელზე” ანგარიშს აქვეყნებს, რომელშიც 40 ქვეყანასთან ერთად საქართველოც მოხვდა. ამის შესახებ თეთრი სახლის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში The Great Transshipment Scam-შია აღნიშნული.
კერძოდ, თეთრი სახლის ანგარიშის თანახმად, ჩინეთი აშშ-ის ტარიფებისთვის გვერდის ავლის მიზნით მესამე ქვეყნებს, მათ შორის, საქართველოს იყენებს.
აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ანგარიშში 40 ეკონომიკას ასახელებს, რომლებიც ჩინეთის „ტვირთების გადაზიდვების ჩრდილოვან ქსელში“ შედიან.