ვოლოდიმირ ზელენსკი რუსული ძალების მიერ ხარკოვის ოლქის დაბა პეჩენეგზე განხორციელებულ სარაკეტო დარტყმას გამოეხმაურა, რომლის შედეგადაც, სულ მცირე, 10 ადამიანი დაიღუპა და 17 დაშავდა. ამავდროულად, მოსკოვის მერის, სერგეი სობიანინის განცხადებით, ღამით მოსკოვის ოლქში 180 დრონი ჩამოაგდეს. მისივე ინფორმაციით, ეს რუსეთის დედაქალაქზე უკრაინის მხრიდან განხორციელებული ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური იერიშია. მოსკოვის ოლქის გუბერნატორის, ანდრეი ვორობიოვის თქმით, დრონის ნამსხვრევები მოსკოვთან მდებარე სხვადასხვა ობიექტს, მათ შორის კომპანია „ვაილდბერისის“ საწყობს მოხვდა. თავდასხმის შედეგად რეგიონში, სულ მცირე, სამი ადამიანი დაშავდა, მათ შორის 10 წლის გოგონა. სობიანინის ინფორმაციით, 17 აგვისტოს საღამოდან დილის 05:00 საათამდე მოსკოვის მიმდებარე რეგიონისკენ დაახლოებით 620 დრონი მიემართებოდა. თავდასხმების გამო მოსკოვის აეროპორტებში ფრენებზე დროებითი შეზღუდვები დაწესდა.