2026 წლის II კვარტალში საქართველოს ნავსადგურებში და ტერმინალებში შემოვიდა 461 გემი, რომელთა 47.3 პროცენტი იყო გენერალური (ზოგადი სახის) ტვირთის გადამზიდი, 24.9 პროცენტი - თხევადი ტვირთმზიდი, 19.3 პროცენტი - კონტეინერმზიდი, ხოლო დანარჩენი 8.5 პროცენტი ნაყარ ტვირთმზიდზე და სპეციალიზებულ გემებზე განაწილდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, 2026 წლის II კვარტალში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, საქართველოს ნავსადგურებმა და ტერმინალებმა 39.1 პროცენტით მეტი ნაყარი ტვირთმზიდი მიიღო, 34.8 პროცენტით მეტი - კონტეინერმზიდი, 17.3 პროცენტით მეტი - თხევადი ტვირთმზიდი, 2.3 პროცენტით მეტი - გენერალური (ზოგადი სახის) ტვირთმზიდი გემი, სპეციალიზებული კი - 65.0 პროცენტით ნაკლები.
„2026 წლის II კვარტალში საქართველოს ნავსადგურებში და ტერმინალებში შემოსული გემების 19.1 პროცენტი პანამის დროშის ქვეშ დაცურავდა, 15.2 პროცენტი - თურქეთის, 11.3 პროცენტი - ლიბერიის, 7.2 პროცენტი - მალტის, დანარჩენი 47.3 პროცენტი კი სხვა ქვეყნებზე განაწილდა.
2026 წლის II კვარტალში საქართველოს ნავსადგურები 4.7 ათას მგზავრს მოემსახურა, რაც 54.5 პროცენტით მეტია წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე. ამასთან, მგზავრთა ნაკადში გასული მგზავრების წილი აღემატებოდა შემოსული მგზავრების წილს და 53.2 პროცენტს შეადგენდა.
2026 წლის II კვარტალში საქართველოს ნავსადგურებმა და ტერმინალებმა 5 364.5 ათასი ტონა ტვირთი გადაამუშავა, რაც 33.0 პროცენტით მეტია წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე. გადამუშავებული ტვირთის 47.8 პროცენტი გენერალური (ზოგადი სახის) ტვირთი იყო, 30.5 პროცენტი - თხევადი ტვირთი, ხოლო 21.7 პროცენტი - ნაყარი ტვირთი“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.