მამუკა მდინარაძე ირაკლი ღარიბაშვილზე - პატიმრობაში მყოფი კაცია და ვფიქრობ, სწორი არ იქნება შეტევაზე გადასვლა, თუმცა როდესაც კორუფციას ასე უკომპრომისოდ დავუპირისპირდით, იმისთვისაც მზად ვართ, რომ მსგავსი ბრალდებები იქნება - Palitra News

მამუკა მდინარაძე ირაკლი ღარიბაშვილზე - პატიმრობაში მყოფი კაცია და ვფიქრობ, სწორი არ იქნება შეტევაზე გადასვლა, თუმცა როდესაც კორუფციას ასე უკომპრომისოდ დავუპირისპირდით, იმისთვისაც მზად ვართ, რომ მსგავსი ბრალდებები იქნება

2026-08-19 16:04:16+04:00

პატიმრობაში მყოფი კაცია და ვფიქრობ, ჩემი სიტუაციიდან მთლად სწორი არ იქნება რაღაც შეტევაზე გადასვლა. თუმცა შემიძლია აბსოლუტური გულწრფელობით გითხრათ, რომ როდესაც პირადად მე და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები ასე უკომპრომისოდ დავუპირისპირდით კორუფციას, იმისთვისაც მზად ვართ, რომ მსგავსი ბრალდებები იყო, არის და იქნება,- ასე გამოეხმაურა რეგიონული განვითარების მინისტრი მამუკა მდინარაძე საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის მიერ უკანასკნელ დღეებში გავრცელებულ განცხადებას.

მდინარაძის თქმით, თუ ხელისუფლების წარმომადგენლები მსგავსი ბრალდებებისთვის მზად არ არიან, მაშინ ვერც კორუფციას გამოუცხადებენ ბრძოლას და ვერც ეფექტიან მენეჯმენტს განახორციელებენ.

„მიზნებზე არ ვისაუბრებ, შევიკავებ ამისგან თავს. პატიმრობაში მყოფი კაცია და ვფიქრობ, ჩემი სიტუაციიდან მთლად სწორი არ იქნება რაღაც შეტევაზე გადასვლა. თუმცა ერთი შემიძლია გითხრათ აბსოლუტური გულწრფელობით, რომ როდესაც პირადად მე და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები ასე უკომპრომისოდ დავუპირისპირდით კორუფციას, ამისთვისაც მზად ვართ, რომ მსგავსი ბრალდებები, შეიძლება უარესიც, იყო, არის და იქნება. თუ ამისთვის მზად არ ხარ ხელისუფლების წარმომადგენელი, მაშინ ვერც კორუფციას გამოუცხადებ ბრძოლას, ვერც საქმეს გააკეთებ და ვერც სწრაფ მენეჯმენტს უზრუნველყოფ თავის მხრივ.

როდესაც ადამიანი გადმოდის შეტევაზე და უსაფუძვლო განცხადებებს, ურთიერთგამომრიცხავ განცხადებებს აკეთებს, მის მიზნობრიობაზე, მე შევეცდები, რომ დღეს არ ვისაუბრო. სერიოზულადაც არ შეიძლება ასეთ საკითხებზე ვილაპარაკოთ, რამდენი შეტევაც განხორციელდება ჩვენზე კორუფციასთან ბრძოლის გამო“,- განაცხადა მდინარაძემ.

გარდა ამისა, მან კორუფციული დანაშაულების შედეგად, რეგიონებში ცალკეული პროექტების დაგვიანების საკითხზეც ისაუბრა და პროექტების განმახორციელებლებს მიმართა, ბოროტად არ ისარგებლონ ხელისუფლების ჰუმანურობით.

„მინდა შემთხვევითაც ვისარგებლო და ასევე ვილაპარაკო წინა წლებიდან გადმოსულ პრობლემებზე, რაც კორუფციული დანაშაულის შედეგი იყო და დღეს სამწუხარო მემკვიდრეობად გვაქვს. რამდენ რეგიონშიც არ ჩავედი, ყველგან დაგხვდა რამდენიმე პროექტი, ზოგან ხიდი, ზოგან გზა, ზოგან წყალი, გაზიფიცირების საკითხები, რომელიც რამდენიმე ცალკეული კონტრაქტორის გამო დღემდე დაუსრულებელია, უხარისხოდ არის. მინდა გავაფრთხილო ყველა, ის ადამიანები, რომლებიც ცდილობენ დაგვიანების, უხარისხობისა და პრობლემების შექმნის ხარჯზე მეტი მატერიალური სარგებელი მიიღონ, ასე მარტივად და ჩვენი ჰუმანურობით ნუ ისარგებლებენ და დროზე და ხარისხიანად დაასრულონ ის პროექტები, რომლებიც რეგიონებში არის დაწყებული. არ ვაპირებ არც მე და არც ხელისუფლების სხვა წარმომადგენელი, რომ შევეგუოთ იმას, რომ სადღაც ბეტონის მარკა დაწიეს, სადღაც დააგვიანეს და ამის გამო მოსახლეობა იყოს პრობლემების წინაშე. ესეც გარკვეული კორუფციული მიმართულებაა და ამასაც უნდა ვებრძოლოთ. ბრალდებებისთვის მზად ვართ, მთავარია ეს ბრალდებები არ იყოს რეალური და ამასაც გადავიტან და ბევრ სხვა რამესაც და კორუფციასთან ბრძოლაში ერთი ნაბიჯით არ დავიხევთ უკან“.- განაცხადა მდინარაძემ.

ცნობისთვის, ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებაში ამბობს, რომ ე.წ. “კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის” კამპანიის მთავარი მიზანი მისი ციხეში ჩასმა და პოლიტიკურად განადგურება იყო.

როგორც ღარიბაშვილი თავის გზავნილში წერს, მას სხვა გზა აღარ დარჩა და იძულებულია, ბრძოლა დაიწყოს.

„საზოგადოებას მინდა ვუთხრა სიმართლე, თუ რატომ ვზივარ ციხეში. შარშან დაწყებული ე.წ. “კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის” კამპანიის მთავარი მიზანი იყო ჩემი ციხეში ჩასმა და პოლიტიკურად განადგურება. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, მე ყველაფერი გავაკეთე იმისთვის, რომ თავიდან ამერიდებინა გუნდთან და ჩემთვის ძვირფას ადამიანთან დაპირისპირებაში შესვლა. სწორედ ამ მიზნით, მე უარი ვთქვი სამართლებრივ ბრძოლაზე და ბოლომდე გავყევი ჩემთვის გამანადგურებელ პროცესს, რათა არ დამეზიანებინა სახელმწიფოსა და გუნდის ინტერესები.

სამწუხაროდ, სანაცვლოდ მივიღე დადგმული ბინძური პროვოკაცია, ბევრი ტყუილი და უსამართლობა. საზოგადოებას ჩემგან არცერთი სიტყვა არ სმენია მთელი ამ ხნის განმავლობაში. მე სრული მოთმინებით მივიღე ეს განსაცდელი.

მაგრამ ჩემთვის მოულოდნელად, ივლისში მივიღე ჩემს მიერ გუშინ გამოქვეყნებული წერილი, რომელიც გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ. იმავე დღეს, მე მას გავაგებინე ჩემი პოზიცია, კიდევ ერთხელ დავუფიქსირე, რომ არ ვაპირებდი პოლიტიკაში დაბრუნებას და აღნიშნული “რისკის” გადაზღვევის მიზნით შევთავაზე ჩემი ხედვა. მაგრამ მათ საპასუხოდ შემომითვალეს, რომ მაინც რჩებოდა 1%-იანი რისკი იმისა, რომ მე პოლიტიკაში დავბრუნდებოდი და ამისთვის აუცილებელი იყო ჩემთვის კორუფციული ბრალის წარდგენა და ჩემ მიერ მისი აღიარება.

ეს იყო წითელი ხაზი, რამაც გადამადგმევინა ჩემს ცხოვრებაში ყველაზე რთული ნაბიჯი. შესაბამისად, რადგან სხვა გამოსავალი აღარ მაქვს, იძულებულს მხდიან, დავიწყო ბრძოლა...“, - ნათქვამია წერილში.