გრიგოლ გეგელია - საქართველო სულ უფრო ნაკლებად მონაწილეობს სამიტებში და უფრო ნაკლებად სრულდება ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანების წინაპირობები - შესაბამისად, ხალხმა უნდა იცოდეს, რომ არანაირი ევროატლანტიკური ინტეგრაცია აღარ ხდება - Palitra News

გრიგოლ გეგელია - საქართველო სულ უფრო ნაკლებად მონაწილეობს სამიტებში და უფრო ნაკლებად სრულდება ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანების წინაპირობები - შესაბამისად, ხალხმა უნდა იცოდეს, რომ არანაირი ევროატლანტიკური ინტეგრაცია აღარ ხდება

2026-08-19 16:57:30+04:00

ქართველმა ხალხმა უნდა იცოდეს, რომ არანაირი ევროატლანტიკური ინტეგრაცია აღარ ხდება - „ქართული ოცნება“ ევროპული კავშირისა და ნატო-ს ნაცვლად ცდილობს ისეთ სახელმწიფოთა ალიანსებთან დაიჭიროს კავშირი, რომლებიც პირდაპირ არიან მართლაც ომის და ძალმომრეობის მხარეები მსოფლიო პოლიტიკაში, - ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გრიგოლ გეგელიამ განაცხადა.

მისი შეფასებით, „ქართული ოცნების“ რეჟიმის პოლიტიკის გამო საქართველოს საერთოდ აღარ არის ევროატლანტიკური და გაფართოების დღის წესრიგის ნაწილი.

„ჩვენ ამას ვხედავთ ევროპული კავშირის კუთხითაც და ნატო-ს კუთხითაც, სადაც საქართველო სულ უფრო ნაკლებად მონაწილეობს სამიტებში, მაღალი დონის დიალოგში, ფორუმებსა და უფრო ნაკლებად სრულდება ყველა ის დემოკრატიული, პოლიტიკური, თუ სამხედრო პირობა, რაც ამ უწყებებში გაწევრიანებას წინაპირობად უდევს. შესაბამისად, ქართველმა ხალხმა უნდა იცოდეს, რომ არანაირი ევროატლანტიკური ინტეგრაცია აღარ ხდება, არც ცუდი და მით უმეტეს არც კარგი, პროცესი არის მთლიანად შეჩერებული და ვიდრე საქართველო დე-ფაქტო რეჟიმში მართავს ეს ხელისუფლება, ჩვენ არ გვიწერია არც მეტი მშვიდობა და არც მეტი უსაფრთხოება, რადგან მშვიდობა და უსაფრთხოება მყარად და დადასტურებულად მოაქვს ევროპულ კავშირში და ნატო-ში გაწევრიანებას ისევე, როგორც ალტერნატიული, მსგავსი უსაფრთხოების ბლოკების და პარტნიორობის შექმნას. აქედან „ქართული ოცნების“ რეჟიმი არცერთს არ ეწევა, პირიქით, ევროპული კავშირისა და ნატოს მაგივრად ის ცდილობს ისეთ სახელმწიფოთა ალიანსებთან დაიჭიროს კავშირი, რომლებიც პირდაპირ არიან მართლაც ომის და ძალმომრეობის მხარეები მსოფლიო პოლიტიკაში“, - აცხადებს გეგელია.