პოლონეთმა, უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის საპასუხოდ, ავიაცია გაააქტიურა - Palitra News

პოლონეთმა, უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის საპასუხოდ, ავიაცია გაააქტიურა

2026-08-20 09:56:56+04:00

უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის მიერ განხორციელებული თავდასხმის გამო პოლონეთმა სამხედრო თვითმფრინავები განალაგა, - ინფორმაციას პოლონეთის შეიარაღებული ძალების ოპერატიული სარდლობა X-ზე ავრცელებს.

„რუსეთის ფედერაციის შორ მანძილზე მოქმედი ავიაციის აქტივობის გამო, რომელიც უკრაინის ტერიტორიაზე დარტყმებს ახორციელებს, პოლონეთის საჰაერო სივრცეში სამხედრო ავიაციის ოპერაციები დაიწყო“, - აღნიშნულია განცხადებაში.

მოქმედი პროცედურების შესაბამისად, პოლონეთის შეიარაღებული ძალების ოპერატიულმა სარდლობამ, საჰაერო ოპერაციების ცენტრის მეშვეობით, მის განკარგულებაში არსებული საჭირო ძალები და აქტივები გაააქტიურა. ასევე, მზადყოფნაში მოიყვანეს სახმელეთო საჰაერო თავდაცვისა და სარადარო დაზვერვის სისტემები.

პოლონეთის შეიარაღებული ძალების განმარტებით, მიღებული ზომები პრევენციული ხასიათისაა და მათი მიზანი პოლონეთის საჰაერო სივრცის უსაფრთხოების უზრუნველყოფაა.

შეგახსენებთ, 20 აგვისტოს ღამეს რუსებმა კიევს ბალისტიკური რაკეტებით შეუტიეს. დაზიანდა საცხოვრებელი შენობები და ბავშვთა საავადმყოფო. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად 8 ადამიანი დაიღუპა და 32 დაშავდა.