ნიკა გვარამია - გამოიკვეთა ორი პარტია: აფხაზეთის ჩამბარებელი მოღალატე „ქოცები“, ომის რიტორიკის მქადაგებელი უპასუხისმგებლო პოპულისტი „ნაცები“, მე კი ვამბობ - გავხდებით ევროკავშირის წევრები, საქართველო გაერთიანდება, ომი არ იქნება - Palitra News

ნიკა გვარამია - გამოიკვეთა ორი პარტია: აფხაზეთის ჩამბარებელი მოღალატე „ქოცები“, ომის რიტორიკის მქადაგებელი უპასუხისმგებლო პოპულისტი „ნაცები“, მე კი ვამბობ - გავხდებით ევროკავშირის წევრები, საქართველო გაერთიანდება, ომი არ იქნება

2026-08-20 12:31:25+04:00

ჩემი პოზიცია რაციონალურია და ნაფიქრი: შევთავაზოთ აფხაზებს წინადადება, რომელზეც უარს ვერ იტყვიან: ევროკავშირის წევრობა, - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა გვარამია წერს.

მისივე თქმით, ეს მოიტანს ევროპულ პასპორტს და ყველა ევროპულ პრივილეგიას, ასევე ეკონომიკური კეთილდღეობას.

„ირაკლი კობახიძე აფხაზეთთან დაკავშირებით ჩემი განცხადების თაობაზე: „აგენტურამ მიიღო ახალი დავალება და ასრულებს ამ ახალ დავალებას. უცხოურ აგენტურას აქვს თავისი ამოცანა - ხელი შეუშალონ ნდობის აღდგენას, ჩვენ გვაქვს ჩვენი ამოცანა - ხელი შევუწყოთ პირიქით ნდობის აღდგენას. რა თქმა უნდა, ჩვენი პოლიტიკა ამ მიმართულებით იქნება სრულიად თანმიმდევრული და პრინციპული“.

მიხეილ სააკაშვილი აფხაზეთთან დაკავშირებით ჩემი განცხადების თაობაზე: „დანარჩენი საქართველოს დაბრუნების შემდეგ, მთავარი რიგის ამოცანაა აფხაზეთზე კონტროლის აღდგენა და ეს არ გამოვა "გველს ხვრელიდან ამოიყვანს, ენა ტკბილად მოუბარი" პრინციპით. არამედ მხოლოდ ეკონომიკურად, პოლიტიკურად, ძლიერი კბილებამდე შეიარაღებული საქართველო, საკუთარი და მეგობრების ძალებით შეძლებს ჩვენი ძირძველი მიწის, ჩვენი სახლების დაბრუნებას ენგურიდან ფსოუმდე“.

გამოიკვეთა ორი პოზიცია:

„ქოცური“: ნდობის აღდგენა, რაც ფაქტობრივად იმეორებს ივანიშვილის „ბოდიში მოვიხადოთ“-ს და ითარგმნება, როგორც „აფხაზეთი უნდა დავივიწყოთ“.

„ნაცური“: აფხაზეთი უნდა დავიბრუნოთ ომით, რაც ფაქტობრივად ითარგმნება, როგორც უკიდურესი პოლიტიკური პოპულიზმი და ცარიელი ომის რიტორიკა, რაც წყალს ასხმას ქართული ოცნების მთავარ პროპაგანდისტულ ხაზს "აბა ომი გინდათ", ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის განწყობას, რომელსაც ომი არ უნდა და უპასუხისმგებლო ცარიელი სიტყვებია, რომლის უკანაც არც რეალური სამხედრო გეგმა დგას და არც არანაირი ნაფიქრი სქემა.

პირველი არის მოღალატეობრივი პოზიცია, ხოლო მეორე - ხალხის ემოციებზე პოპულისტური თამაში საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის, და არა აფხაზეთის რეალურად დასაბრუნებლად.

ჩემი პოზიცია კი რაციონალურია და ნაფიქრი: შევთავაზოთ აფხაზებს წინადადება, რომელზეც უარს ვერ იტყვიან: ევროკავშირის წევრობა, რაც მოიტანს:

ევროპულ პასპორტს და ყველა ევროპულ პრივილეგიას;

ეკონომიკური კეთილდღეობას;

უსაფრთხოების მაღალ გარანტიებს;

აფხაზური ეროვნული უმცირესობისთვის უმაღლეს ევროპულ გარანტიებს;

ომის სამუდამოდ დავიწყებას.

შესაბამისად, გამოიკვეთა ორი პარტია: აფხაზეთის ჩამბარებელი მოღალატე „ქოცები“, ომის რიტორიკის მქადაგებელი უპასუხისმგებლო პოპულისტი „ნაცები“, მე კი ვამბობ და გპირდებით: გავხდებით ევროკავშირის წევრები; საქართველო გაერთიანდება; ომი არ იქნება“,-წერს გვარამია.