საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან მორიგ წერილს ავრცელებს და ბოლო დღეებში მის გარშემო განვითარებულ მოვლენებზე საუბრობს. ექსპრემიერი განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს წერილზე, რომელიც, მისი მტკიცებით, მამუკა მდინარაძემ მისი ახლო მეგობრის ხელით ოჯახის წევრს გადასცა. ღარიბაშვილის სიტყვებით, ხელისუფლებამ მის წინააღმდეგ „ბინძური პროვოკაცია“ მოაწყო და მას პოლიტიკური პროცესებიდან ჩამოშორების მიზნით კორუფციული ბრალის აღიარებას სთხოვენ. წერილში ღარიბაშვილი ასევე საუბრობს ბიძინა ივანიშვილთან მის მრავალწლიან ურთიერთობაზე და აცხადებს, რომ სწორედ ამ ურთიერთობისა და გუნდის ინტერესების გამო მან მანამდე მიმდინარე პროცესებზე დუმილი შეინარჩუნა.