გაეროს უშიშროების საბჭოს წევრმა ქვეყნებმა რუსეთს საქართველოს ტერიტორიიდან სამხედრო ძალების დაუყოვნებლივ გაყვანისა და აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების გაუქმებისკენ მოუწოდეს. განცხადებაში მათ კიდევ ერთხელ დაადასტურეს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა და დაგმეს რუსეთის მიერ განხორციელებული ოკუპაცია. ქვეყნები ასევე მოუწოდებენ მოსკოვს, სრულად შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები და უზრუნველყოს საერთაშორისო ორგანიზაციების წვდომა ოკუპირებულ რეგიონებში.