სამოქალაქო საზოგადოება - „ქართული ოცნების“ ლიდერების მიერ „რუსოფობიის“ ტერმინის გამოყენება დაუშვებელია - Palitra News

სამოქალაქო საზოგადოება - „ქართული ოცნების“ ლიდერების მიერ „რუსოფობიის“ ტერმინის გამოყენება დაუშვებელია

2026-08-21 22:46:44+04:00

საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. განცხადებაში სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ "ქართული ოცნებისა" და მასთან დაკავშირებული ორგანიზაციების მხრიდან კოორდინირებული კამპანია უმძიმესი შედეგების მომტანია ქვეყნისა და მისი თითოეული მოქალაქის ინტერესებისთვის, საქართველოს მომავლისთვის. აღნიშნულია, რომ საქართველოს წინააღმდეგ რუსული სამხედრო აგრესიის მე-18 წლისთავის დღეებში, ოკუპანტი ქვეყნის პროპაგანდისტული გზავნილებისა და ნარატივის გავრცელებამ განსაკუთრებით მასშტაბური და ინტენსიური ხასიათი მიიღო. მათი აზრით, განსაკუთრებით საყურადღებო და საგანგაშოა სპეციფიური, მხოლოდ რუსული პროპაგანდისთვის დამახასიათებელი ტერმინოლოგიის გამოყენება პარტია „ქართული ოცნების“ ლიდერების მიერ. კერძოდ, მათ სრულიად დაუშვებლად მიაჩნიათ ტერმინი „რუსოფობიის“ გამოყენება და დამკვიდრება რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს პოლიტიკურ, საჯარო სივრცეში.