არჩილ გორდულაძე - როგორც ჩანს, ირაკლი ღარიბაშვილის მხრიდან ეპისტოლარული მასკარადის დადგმის მცდელობა საკუთარი თავის დაცვის მცდელობა იყო - Palitra News

არჩილ გორდულაძე - როგორც ჩანს, ირაკლი ღარიბაშვილის მხრიდან ეპისტოლარული მასკარადის დადგმის მცდელობა საკუთარი თავის დაცვის მცდელობა იყო

2026-08-24 14:08:49+04:00

უმძიმესია, როდესაც საუბარი გვაქვს უმაღლეს თანამდებობის პირზე, ჩვენი გუნდის მაშინდელ ლიდერსა და პრემიერ-მინისტრზე, რომელიც როგორც აღმოჩნდა, კორუფციულ დანაშაულში პირდაპირ იყო ჩართული - ყველას ნათქვამი, იქნება ეს კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ თუ კონკრეტულად ირაკლი ღარიბაშვილის მხრიდან არის მცდელობა იმისა, რომ სისხლის სამართლის საქმის წარმოებაში პოლიტიკა შეიტანონ, - ამის შესახებ ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ დეპუტატმა არჩილ გორდულაძემ განუცხადა.

გორდულაძის შეფასებით, სწორედ ამ დანაშაულის გადასაფარად ღარიბაშვილი წერილების მეშვეობით თავის გადარჩენას ცდილობდა.

მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იყო ის, რომ გუნდის შიგნით არსებობდა არაჯანსაღი ურთიერთობა, არაჯანსაღი ქმედებები, მათ შორის კორუფციული რისკები.

„როგორც ჩანს, ირაკლი ღარიბაშვილის მხრიდან ეპისტოლარული მასკარადის დადგმის მცდელობა საკუთარი თავის დაცვის მცდელობა იყო. პოლიტიკაში ჩართულ ადამიანებს, თანამდებობის პირებს საკუთარი დანაშაულის გადასაფარად ხშირად სჩვევიათ ხოლმე პოლიტიკური ინსინუაციების წარმოება, რაც ვნახეთ კიდეც.

უმძიმესია, როცა საუბარი გვაქვს უმაღლეს თანამდებობის პირზე, ჩვენი გუნდის მაშინდელ ლიდერზე და პრემიერ-მინისტრზე, რომელიც როგორც აღმოჩნდა, კორუფციულ დანაშაულში პირდაპირ იყო ჩართული. სწორედ ამ დანაშაულის გადასაფარად წერილების მეშვეობით თავის გადარჩენას ცდილობდა.

ირაკლი ღარიბაშვილს ბრალი წარდგენილი აქვს მიმდინარე წლის იანვრიდან და მსჯავრდადებულია მძიმე დანაშაულში - უკანონო შემოსავლის მიღებაში. ასევე მისთვის, როგორც კონკრეტულ დანაშაულში ჩართული პირისთვის ცნობილი იყო, რომ გამოძიება მიმდინარეობდა სხვა დანაშაულთან მიმართებით, რომელიც მძიმე კორუფციული ხასიათის დანაშაულია. აქედან გამომდინარე, საკუთარი თავი რომ გადაერჩინა, ისეთი წერილები გაავრცელა, რომლებიც ერთმანეთს ეწინააღმდეგება.

ადამიანი როცა იტყუება, ერთმანეთში ირევა მის მიერ გავრცელებული სხვადასხვა მოგონილი ინფორმაცია. ახლა მას ბრალი აქვს წარდგენილი, რაც დღევანდელი ბრიფინგიდან გამომდინარე დადასტურებულია. მისი მცდელობა საკუთარი თავის გადარჩენა და პასუხისმგებლობიდან გაქცევა იყო.

რა პოლიტიკაში დაბრუნებაზე და რა პოლიტიკურ ბრძოლაზე შეიძლება იყოს საუბარი, როცა ადამიანს თავადვე აქვს აღიარებული განსაკუთრებით დიდი ოდენობის არალეგალური თანხების მიღება, რაც არ იყო დეკლარირებული და საზოგადოებისთვის ცნობილი. როცა ადამიანს ასეთი დანაშაული აქვს აღიარებული, წესით და რიგით, მას პოლიტიკაში არაფერი ესაქმება. დანარჩენი ინსინუაციებია, რაც მან საკუთარი თავის გადასარჩენად დაიწყო, რადგან იცოდა, მის მიმართ სხვა სავარაუდო დანაშაულის ფაქტებზე მიმდინარე გამოძიების შესახებ.

ყველას ნათქვამი, იქნება ეს კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ თუ კონკრეტულად ირაკლი ღარიბაშვილის მხრიდან არის მცდელობა იმისა, რომ სისხლის სამართლის საქმის წარმოებაში პოლიტიკა შეიტანონ. სამართლებრივი საქმის პოლიტიზების ნებისმიერი მცდელობა კრახისთვის არის განწირული, რადგან ასეთი საქმეები სტრასბურგის სასამართლოში მიდის ხოლმე, სადაც ყოველთვის დასტურდება, რომ როგორც სამართალდამცავი ორგანოების, ასევე სასამართლოს სისტემის საქმიანობა სრულად შესაბამისობაშია როგორც საქართველოს კონსტიტუციასთან, ისე ქართულ კანონმდებლობასა და ევროპული სასამართლოს პრაქტიკასთან“, – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

პროკურატურამ ყოფილ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების შესახებ ახალი ბრალდება წარუდგინა. აღნიშნული დანაშაულისთვის კანონი სასჯელის სახით 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.