ძალიან მოხარული ვიქნები, თუ კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია სომხეთის გარიცხვას გადაწყვეტს, - ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, მთავრობის პროგრამაში მითითებულია, რომ სომხეთი მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციაში (ОДКБ) დაბრუნებასა და მუშაობის გააქტიურებას არ გეგმავს.
„ვიცი, რომ ОДКБ-ში დისკუსიები მიმდინარეობს, ხოლო წესდება ითვალისწინებს ასეთ შესაძლებლობას: ქვეყანა შეიძლება ორგანიზაციიდან გარიცხონ. ძალიან მოხარული ვიქნები, თუ ორგანიზაცია მიიღებს გადაწყვეტილებას სომხეთის ОДКБ-იდან გარიცხვის შესახებ. სულ მცირე, ეს გაგვათავისუფლებს ამ დილემისგან, გავიდეთ თუ არა“, - განაცხადა ფაშინიანმა.
ფაშინიანის განცხადებას კრემლის პრესსპიკერი, დიმიტრი პესკოვი გამოეხმაურა.
„თუ ერევანს თავისი ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე, რეგიონული უსაფრთხოების უზრუნველყოფის თვალსაზრისით მსგავსი მნიშვნელოვანი ორგანიზაციის წევრობა აღარ სჭირდება, მაშინ თავისუფალია შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღოს და ეს ორგანიზაცია დატოვოს“, - აღნიშნა პესკოვმა.