თამარ ბაგრატიონმა კიევში, პირველი ლედებისა და ჯენტლმენების VI სამიტში მიიღო მონაწილეობა - Palitra News

თამარ ბაგრატიონმა კიევში, პირველი ლედებისა და ჯენტლმენების VI სამიტში მიიღო მონაწილეობა

2026-08-24 16:42:11+04:00

საქართველოს პირველმა ლედიმ, თამარ ბაგრატიონმა კიევში, პირველი ლედებისა და ჯენტლმენების VI სამიტში მიიღო მონაწილეობა. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, SFLG Global Platform საერთაშორისო ინიციატივაა, რომელიც 2021 წლიდან მსოფლიოს სახელმწიფო მეთაურების მეუღლეებს აერთიანებს.

„ყოველწლიურად, პლატფორმა კიევში მაღალი დონის შეხვედრებს მართავს, რათა ხელი შეუწყოს დიალოგს გლობალური მნიშვნელობის საკითხებზე. პლატფორმა მუშაობს ისეთ თემებზე, რომლებიც მაღალი დონის თანამშრომლობას მოითხოვს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

წელს გამართულ, რიგით VI სამიტში საქართველოს პირველი ლედი, თამარ ბაგრატიონიც მონაწილეობს.

მისი შეფასებით, საქართველოს ისტორიული გამოცდილება კარგი მაგალითია იმისა, რომ სახელმწიფოს მდგრადობის საფუძველი ეროვნული ღირებულებების შენარჩუნებაა.

„ჩვენი ეროვნული იდენტობა შვიდ მარადიულ საყრდენს ეფუძნება - ღმერთს, სამშობლოს, ადამიანს, ენას, მამულს, სარწმუნოებასა და ოჯახს. მრავალსაუკუნოვანი ბრძოლის პროცესში ჩამოყალიბებული ეს პრინციპები ღრმად არის გამჯდარი ჩვენს გენეტიკურ კოდში“, - განაცხადა თამარ ბაგრატიონმა.

„პირველმა ლედიმ ოჯახის სიმტკიცე საქართველოს ისტორიული უწყვეტობის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს გარანტად დაასახელა და აღნიშნა, რომ სამშობლოსა და ღმერთის სიყვარული სწორედ ოჯახიდან იწყება.

თამარ ბაგრატიონმა უკრაინასა და უკრაინელ ხალხს დამოუკიდებლობის 35-ე წლისთავი მიულოცა და მშვიდობა, კეთილდღეობა და წინსვლა უსურვა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.