პროკურორი - ჯუანშერ ბურჭულაძესა და ვასილ მხეიძესთან, ამ ეტაპზე, საპროცესო შეთანხმების თაობაზე არანაირი მოლაპარაკება არ მიმდინარეობს - Palitra News

პროკურორი - ჯუანშერ ბურჭულაძესა და ვასილ მხეიძესთან, ამ ეტაპზე, საპროცესო შეთანხმების თაობაზე არანაირი მოლაპარაკება არ მიმდინარეობს

2026-08-25 15:31:55+04:00

ჯუანშერ ბურჭულაძესა და ვასილ მხეიძესთან, ამ ეტაპზე, საპროცესო შეთანხმების თაობაზე არანაირი მოლაპარაკება არ მიმდინარეობს, - ამის შესახებ პროკურორმა ანა ლეკიაშვილმა ჟურნალისტებს თავდაცვის ყოფილ მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძესა და მის ნათესავ ვასილ მხეიძესთან დაკავშირებით განუცხადა.

პროკურორის განმარტებით, ჯუანშერ ბურჭულაძეს და სხვა პირებს, რომლებიც მაჯავრდებულები არიან სისხლის სამართლის საქმეზე, თბილისის სააპელაციო სასამართლოში, დღეის მდგომარეობით, ბრალდების მხარესთან არანაირი განცხადება მათი მხრიდან დაფიქსირებული არ არის.

„რაც პირველი ინსტანციის სასამართლოში წარმოადგინეს, იმ განცხადებებთან მიმართებით პირველი ინსტანციის სასამართლოშივე გაეცათ პასუხი. ამ ეტაპზე არანაირი მოლაპარაკება საპროცესო შეთანხმების თაობაზე არ მიმდინარეობს აღნიშნულ მსჯავრდებულებთან.

რაც შეეხება საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებით პრაქტიკას, როდესაც ბრალდებული, თუ მსჯავრდებული მიმართავს პროკურატურას საპროცესო შეთანხმების შესახებ, ყოველთვის ვიხილავთ და ვიღებთ გადაწყვეტილებას სხვადასხვა გარემოებების გათვალისწინებით, მათ შორის ეს არის ზიანის ანაზღაურება, აღიარება და ა.შ.

ვინაიდან, დღეის მდგომარეობით არ მიმდინარეობს მოლაპარაკება, რას უნდა ველოდოთ ამასთან დაკავშირებით, ინფორმაციას ვერ მოგაწვდით“, - განაცხადა ანა ლეკიაშვილმა.

შეგახსენებთ, 2026 წლის 23 აპრილს, თბილისის საქალაქო სასამართლომ საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ჯუანშერ ბურჭულაძე თანამდებობის ბოროტად გამოყენებისა და დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლების ლეგალიზებისთვის (ფულის გათეთრება) დამნაშავედ ცნო და 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. საქმეზე მათ შორის მსჯავრდებულია ბურჭულაძის ნათესავი, ვასილ მხეიძე, რომელსაც სასამართლომ 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.