რუსთავში სამართალდამცველებმა დაახლოებით 33 კილოგრამი ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს, რომლის სავარაუდო ღირებულებაც შავ ბაზარზე 6 მილიონ ლარს აღწევს. ნარკოდანაშაულის ბრალდებით ორი უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს.
ცენტრალური კრიმინალური პოლიციის ინფორმაციით, ბრალდებულების საცხოვრებელ ბინაში დიდი ოდენობით ჰაშიში აღმოაჩინეს. ნარკოტიკის ნაწილი ავტომობილის საბურავებში იყო დამალული.
გამოძიების ფარგლებში, დაკავებულებთან დაკავშირებული სხვა ბინიდან და სასტუმროს ნომრიდან ასევე ამოიღეს კოკაინი, ჰეროინი და მეთადონი.
გამოძიების ვერსიით, დაკავებულები ნარკოტიკების სხვადასხვა გზით რეალიზაციას გეგმავდნენ. ბოლო დღეებში თბილისსა და რეგიონებში ნარკოდანაშაულის ბრალდებით კიდევ 24 პირი დააკავეს, მათ შორის 15 სავარაუდო რეალიზატორი.