ირაკლი ღარიბაშვილიც კი ადასტურებს, რომ დღეს სახელმწიფო, და მისი ყველა შტო მიტაცებულია; ყველა გადაწყვეტილებას იღებს ერთი კაცი და ეს გადაწყვეტილებები პოლიტიკურად მოტივირებულია , - ამის შესახებ სამართლიანი არჩევნების“ ყოფილი ხელმძღვანელი, ნინო დოლიძე სოციალურ ქსელში აქვეყნებს პოსტს.
როგორც ნინო დოლიძე წერს, ყოფილი პრემიერ-მინისტრის მაგალითიც ადასტურებს, რომ ბიძინა ივანიშვილისთვის არანაირი ერთგულება არ არსებობს და როცა მას დასჭირდება, ნებისმიერს გაწირავს.
ამასთან, დოლიძე ყურადღებას ამახვილებს პარტიის შიგნით „ფსევდოერთგულებაზეც“ და აღნიშნავს, რომ ქვეყნის ამ მდგომარეობამდე მიყვანაში თავად ღარიბაშვილის წვლილიც უდიდესია.
„ჩვენთვის ცხადია ეს სიახლე არ არის, ამაზე წლებია ვსაუბრობთ და საზოგადოების დიდმა ნაწილმაც იცის. მაგრამ ღარიბაშვილისგან ნათქვამს ის ხალხიც მოისმინეს, ვინც შესაძლოა ჩვენ არ გვისმენდა ან/და გვიჯერებდა. შესაძლოა საჯაროდ არაფერი თქვან, მაგრამ არ მგონია არ დაფიქრდნენ.
ღარიბაშვილის მაგალითი ადასტურებს, რომ ბიძინა ივანიშვილისთვის არ არსებობს არანაირი ერთგულება. მას როდესაც დასჭირდება, ყველას გასწირავს, ყველაზე ერთგულსაც კი. ეს უკვე იცის “ქართული ოცნების” ყველა წევრმა, თუმცა როგორც მაღლა აღვნიშნე, საჯაროდ ვერავინ ვერაფერს იტყვის. ფიქრით კი ალბათ ფიქრობენ.
ამ პროცესში კარგად ჩანს პარტიის რიგ წევრთა/მხარდამჭერთა ფსევდო ერთგულებაც - ადამიანები, რომლებიც გუშინ ღარიბაშვილს ადიდებდნენ, დღეს მას ლაფს ასხამენ. იგივე ადამიანები დღეს ვისაც აქებენ (სახელებსა და გვარებს არ დავასახელებ), ხვალ აუცილებლად მათაც მყისიერად გაიმეტებენ. ასე იქნება მანამ, სანამ მათი დრო არ მოვა.
პ.ს. ღარიბაშვილის წვლილი უდიდესია, ჩვენი ქვეყნის ამ მდგომარეობამდე მიყვანაში“, - წერს ნინო დოლიძე.
ცნობისთვის, ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ციხიდან კიდევ ერთი წერილი გაავრცელა, სადაც ის სასამართლო სხდომებს პოლიტიკურ მასკარადს უწოდებს და წერს, რომ სხდომებზე დასწრებას არ აპირებს.