პენიტენციური სამსახური ირაკლი ნადირაძესა და მის საკანში შესახლებულ მსჯავრდებულებთან დაკავშირებით მიხეილ სააკაშვილის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე განცხადებას ავრცელებს - Palitra News

პენიტენციური სამსახური ირაკლი ნადირაძესა და მის საკანში შესახლებულ მსჯავრდებულებთან დაკავშირებით მიხეილ სააკაშვილის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე განცხადებას ავრცელებს

2026-08-26 11:18:27+04:00

სპეციალური პენიტენციური სამსახური ოპოზიციონერ პოლიტიკოს ირაკლი ნადირაძესთან დაკავშირებით, საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ „ირაკლი ნადირაძე და მასთან ერთად მყოფი სხვა სამი მსჯავრდებული განაწილებული არიან ოთხადგილიან საკანში, კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად, წამების პრევენციის ევროპული კომიტეტის (CPT) სტანდარტების სრული დაცვით“.

პენიტენციური სამსახურის ცნობით, არც ირაკლი ნადირაძეს და არც საკანში მასთან ერთად განთავსებულ რომელიმე პირს რაიმე სახის პრეტენზიით არ მიუმართავს დაწესებულების ადმინისტრაციისთვის.

უწყების განმარტებითვე, მსჯავრდებულ ირაკლი ნადირაძეს არანაირი შეზღუდვა ამ ეტაპზე დაწესებულების მხრიდან არ აქვს.

„სპეციალური პენიტენციური სამსახური ეხმიანება მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის სოციალური ქსელის გამოყენებით გავრცელებულ მორიგ პროვოკაციულ და ცილისმწამებლურ განცხადებას მსჯავრდებულ ირაკლი ნადირაძესთან დაკავშირებით, რომელიც მიზნად ისახავს საზოგადოების გარკვეული ნაწილის სიცრუეში შეყვანას და პენიტენციური სისტემის დისკრედიტაციას.

სამსახური განმარტავს, რომ ირაკლი ნადირაძე და მასთან ერთად მყოფი სხვა სამი მსჯავრდებული განაწილებული არიან ოთხადგილიან საკანში, კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად, წამების პრევენციის ევროპული კომიტეტის (CPT) სტანდარტების სრული დაცვით.

არც ირაკლი ნადირაძეს და არც საკანში მასთან ერთად განთავსებულ რომელიმე პირს რაიმე სახის პრეტენზიით არ მიუმართავს დაწესებულების ადმინისტრაციისთვის.

ასევე, ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ მსჯავრდებულ ირაკლი ნადირაძეს არანაირი შეზღუდვა ამ ეტაპზე დაწესებულების მხრიდან არ აქვს; ის სარგებლობს როგორც სატელეფონო საუბრის, ისე პაემნის უფლებით. შესაბამისად, შეუფერხებლად შეუძლია გარე სამყაროსთან კომუნიკაცია.

აღსანიშნავია, რომ სოციალურ მედიაში მსჯავრდებულ სააკაშვილის ოფიციალური გვერდის მეშვეობით სხვა დროსაც არაერთხელ გავრცელებულა ყალბი ინფორმაცია სხვა ბრალდებულებთან/მსჯავრდებულებთან დაკავშირებით, რაც თავისი და მისი თანაგუნდელების მხრიდან პოლიტიკური სპეკულაციებისთვის იყო გამოყენებული.

სპეციალური პენიტენციური სამსახური კიდევ ერთხელ მოუწოდებს ყველას, თავი შეიკავონ ამგვარი ცრუ ინფორმაციის გავრცელებისგან და გაითვალისწინონ, რომ მსგავსი სახის განცხადებებმა შესაძლებელია, გამოიწვიოს უთანხმოება მსჯავრდებულებს შორის,“ - აღნიშნულია განცხადებაში.

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ირაკლი ნადირაძეს საკანში ძალადობაზე „დაჭერილი“ პირი შეუსახლეს. სააკაშვილი წერს, რომ დარწმუნებულია, ამის მიზანი დაშინება და ფიზიკური ზემოქმედებაა. „ჩემს მეგობარს, კორუფციასთან მებრძოლს, უწესიერეს და უმამაცეს ირაკლი ნადირაძეს გლდანის ციხეში საკანში შეუსახლეს ძალადობრივი დანაშაულისთვის დაჭერილი რეციდივისტი. „ქოცები“ კადრულობენ იმას, რაც სტალინის რეჟიმს არ უკადრებია. კომუნისტები პოლიტიკურებს ყოველთვის ცალკე ამყოფებდნენ. დარწმუნებული ვარ, რომ ეს კრიმინალი შეიყვანეს დაშინების და ფიზიკური ზემოქმედების მიზნით, ვინაიდან ირაკლი მთელი ეს დრო უარს ამბობს "4 ოქტომბრის" შეთითხნილ საქმეზე ივანიშვილ-ფარცხალაძის "პროკურატურის" მოთხოვნების შესრულებაზე. არ შერჩებათ!,“ - წერს სააკაშვილი.