ლევან მახაშვილი - თუ ირაკლი ღარიბაშვილმა რამე იცის, სასამართლოზე შეუძლია მობრძანდეს და წარმოადგინოს - იმ პირებთან, განურჩევლად თანამდებობისა, სახელისა და გვარისა, რომლებიც ბოროტად იყენებენ საკუთარ პოზიციას, კანონი აუცილებლად მივა - Palitra News

ლევან მახაშვილი - თუ ირაკლი ღარიბაშვილმა რამე იცის, სასამართლოზე შეუძლია მობრძანდეს და წარმოადგინოს - იმ პირებთან, განურჩევლად თანამდებობისა, სახელისა და გვარისა, რომლებიც ბოროტად იყენებენ საკუთარ პოზიციას, კანონი აუცილებლად მივა

2026-08-26 12:22:08+04:00

ირაკლი ღარიბაშვილის წერილებიდან ვხედავთ ცარიელ სიტყვებს, მეორე მხრივ კი არიან კონკრეტული მოწმეები, უამრავი მტკიცებულება - როგორც ჩანს, ის გააგრძელებს ამ ტიპის იერიშს სახელმწიფოზე, რომ პრევენციულად თავიდან აირიდოს პასუხისმგებლობა, - ამის შესახებ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის წერილებს გამოეხმაურა.

მისივე თქმით, ადრე თუ გვიან, ყველა იმ ადამიანს მოუწევს კანონის და ხალხის წინაშე პასუხისგება, ვინც ბოროტად იყენებდა საკუთარ პოზიციას, საჯარო რესურსებს და საჯარო ფინანსებს.

„მან თავად განმარტოს, რა იცის. მე ერთი რაღაც ვიცი, როგორც ჩვენი გუნდის ყველა წევრმა, რომ საქართველოში კეთილსინდისიერად საქმიანობის ყველანაირი შესაძლებლობა არსებობს. ის ადამიანები, რომლებიც კეთილსინდისიერად იყენებენ თავიანთ საჯარო რესურსებს, პოზიციებს, აბსოლუტურად შეუზღუდავად აქვთ კანონის ფარგლებში საქმიანობის შესაძლებლობა, ხოლო იმ პირებთან, განურჩევლად თანამდებობისა, სახელისა და გვარისა, რომლებიც ბოროტად იყენებენ საკუთარ პოზიციას, საჯარო რესურსებს, საჯარო ფინანსებს, ადრე თუ გვიან, კანონი აუცილებლად მივა და მათ მოუწევთ კანონის და ხალხის წინაშე პასუხისგება. ყველაფერი, რასაც ჩვენ ვხედავთ მისი წერილებიდან, ეს არის აბსოლუტურად ცარიელი სიტყვები და ნული ფაქტი. საზოგადოებამ დაინახა, რომ მეორე მხარეს დგას არაერთი მოწმე, არაერთი დოკუმენტი, ფაქტი. ის, რა თქმა უნდა, როგორც ჩანს, გააგრძელებს ამ ტიპის იერიშს სახელმწიფოზე იმგვარად, რომ პრევენციულად თავიდან აირიდოს პასუხისმგებლობა.

თუ რამე იცის, მას არანაირი შეზღუდვა არ აქვს, არც წერილობითი ფორმით, არც სატელევიზიო ფორმით. სასამართლოზე შეუძლია რომ მობრძანდეს და წარმოადგინოს. ერთი მხრივ გვესმის მისი ცარიელი სიტყვები, მერე მხრივ არიან კონკრეტული მოწმეები და არის უამრავი კონკრეტული მტკიცებულება,“ - განაცხადა მახაშვილმა.

ცნობისთვის, ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ციხიდან კიდევ ერთი წერილი გაავრცელა, სადაც ის სასამართლო სხდომებს პოლიტიკურ მასკარადს უწოდებს და წერს, რომ სხდომებზე დასწრებას არ აპირებს.

„აზრს ვერ ვხედავ, ვიარო სასამართლო სხდომებზე და ჩავერთო პოლიტიკურ მასკარადში, მე აღარ ვმონაწილეობ თქვენს სპექტაკლში! - აღარც ის მაინტერესებს, რომელ პატიმარს, მძევალს ზეწოლის მეთოდებით რას დააწერინებთ ჩემზე და რა ბრალს წამიყენებთ,“ - წერს ღარიბაშვილი.