არჩილ გორდულაძე - ირაკლი ღარიბაშვილი ცდილობს, საკუთარი თავის გადასარჩენად, პოლიტიკა გამოიყენოს - რა ქართულით არის დაწერილი წერილები, ცალკე საკითხია - Palitra News

არჩილ გორდულაძე - ირაკლი ღარიბაშვილი ცდილობს, საკუთარი თავის გადასარჩენად, პოლიტიკა გამოიყენოს - რა ქართულით არის დაწერილი წერილები, ცალკე საკითხია

2026-08-26 16:07:53+04:00

ირაკლი ღარიბაშვილი ცდილობს, საკუთარი თავის გადასარჩენად, პოლიტიკა გამოიყენოს - რა ქართულით არის დაწერილი [წერილები] ცალკე საკითხია, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ განაცხადა, რითაც პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის წერილებს გამოეხმაურა.

მისივე თქმით, ყოფილი პრემიერის მიერ გავრცელებული წერილების შინაარსი, მანამდე გამოქვეყნებული წერილის შინაარსს პირდაპირ ეწინააღმდეგება.

„სამწუხაროდ, ჩვენი გუნდის ყოფილი ლიდერი საკუთარი თავის გადასარჩენად და საკუთარი დანაშაულებრივი ქმედებების გადასაფარად ცდილობს, პოლიტიკა გამოიყენოს. მას აღიარებული აქვს უმძიმესი დანაშაული - ფულის გათეთრება პირადი მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, ამავდროულად იგი ბრალდებულია სხვა კორუფციულ დანაშაულში - თანხების მითვისებაში. ახლა საკუთარი თავის გადასარჩენად არაერთ წერილს ავრცელებს, რომელთა შინაარსიც პირდაპირ ეწინააღმდეგება ხოლმე მანამდე გამოქვეყნებული წერილის შინაარსს. მეორე მხრივ, რა ქართულით არის დაწერილი ეს კიდევ ცალკე საკითხია“, - განაცხადა გორდულაძემ.

ცნობისთვის, ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ციხიდან კიდევ ერთი წერილი გაავრცელა, სადაც ის სასამართლო სხდომებს პოლიტიკურ მასკარადს უწოდებს და წერს, რომ სხდომებზე დასწრებას არ აპირებს.

„აზრს ვერ ვხედავ, ვიარო სასამართლო სხდომებზე და ჩავერთო პოლიტიკურ მასკარადში, მე აღარ ვმონაწილეობ თქვენს სპექტაკლში! - აღარც ის მაინტერესებს, რომელ პატიმარს, მძევალს ზეწოლის მეთოდებით რას დააწერინებთ ჩემზე და რა ბრალს წამიყენებთ,“ - წერს ღარიბაშვილი.