სალომე ზურაბიშვილი - ღარიბაშვილს რაღაც უნდა, რაღაცას ცდილობს, მაგრამ ბოლომდე ვერ ბედავს - რეჟიმის წარმომადგენლები კი თავადვე ამბობენ, რომ მათ შორის არიან კორუმპირებულები, მოღალატეები, ერთმანეთს აბეზღებენ, რეჟიმი ჩქარი ტემპით მიდის დასასრულისკენ - Palitra News

სალომე ზურაბიშვილი - ღარიბაშვილს რაღაც უნდა, რაღაცას ცდილობს, მაგრამ ბოლომდე ვერ ბედავს - რეჟიმის წარმომადგენლები კი თავადვე ამბობენ, რომ მათ შორის არიან კორუმპირებულები, მოღალატეები, ერთმანეთს აბეზღებენ, რეჟიმი ჩქარი ტემპით მიდის დასასრულისკენ

2026-08-26 20:36:23+04:00

საქართველოს მეზუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი პატიმრობაში მყოფი ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ბოლოდროინდელ განცხადებებს „ფეისბუქ ლაივში“ გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ექსრეპმიერი სასამართლო სისტემასა და კორუფციაზე მხოლოდ მას შემდეგ ალაპარაკდა, რაც პრობლემები პირადად მას შეეხო.

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის შეფასებით, ღარიბაშვილის პოზიცია ბუნდოვანია, რადგან გაუგებარია, ებრძვის ბიძინა ივანიშვილს თუ ჯერ კიდევ ლოიალობას უცხადებს. სალომე ზურაბიშვილის თქმით, სწორედ ამიტომ ექსპრემიერის განცხადებები გარკვეული არ არის და ის რაღაცას „ბოლომდე ვერ ბედავს“.

„რა ვთქვა, კარგი დროა, რომ ახლა ამხილა სასამართლო. რამდენი ხანია, არა მხოლოდ ჩვენ, არამედ ჩვენი პარტნიორები [ვსაუბრობთ]… რამდენჯერ მოისმინა თვით ბატონმა ღარიბაშვილმა ჩვენი ევროპელი პარტნიორებისგან შენიშვნები ჩვენს სასამართლოზე. მაშინ ამართლებდა ამ ყველაფერს და დღეს თურმე ამხილა, რადგან მას შეეხო. სანამ ადამიანებს არ ეხებათ უშუალოდ რაღაც, მანამდე ან თვალს ხუჭავენ ან ითმენენ, ან სხვაგან იყურებიან.ასეთი იყო ღარიბაშვილის პოზიცია ზუსტად.კორუფცია ხან აღიარა, ხან არ აღიარა, ვეღარ გავიგე ზუსტად რა ხდება ამ მიმართულებით. ებრძვის, იბრძვის, „გადავედი ბრძოლაზე“, მაგრამ ვის ებრძვის, ესეც გაუგებარია. ებრძვის ბიძინა ივანიშვილს, თუ ჯერ კიდევ ლოიალობას უცხადებს ბიძინა ივანიშვილს. ვის ებრძვის, ვინ არის სხვა ვინც გადაწყვეტილებებს იღებს, ვის აქვს პასუხისმგებლობა თუნდაც მის დატყვევებაზე, თუ არა ივანიშვილი, აბა ვინ. სხვები ვინ არიან. მე არ ვიცი, ზარქუა თუა დღეს მმართველი ამ ქვეყნის, თუ ვინ უნდა იყოს, ცოტა გაუგებარია. ამიტომ მისი პოზიციაც არის გაუგებარი, რაღაც უნდა რაღაცას ცდილობს, მაგრამ ბოლომდე ვერ ბედავს და ბოლომდე გარკვეული პოზიცია ნამდვილად არ გააჩნია“, - აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.

ზურაბიშვილის თქმით, ყოფილმა პრემიერმა მხოლოდ ერთი კვირა აღმოაჩინა ქართული მართლმსაჯულების მდგომარეობა, რაც წარმოუდგენელია.

„ჩვენ ყველამ ძალიან კარგად ვიცით რას დღეში არის სასამართლო და ამის პირდაპირი შედეგია რა დღეშია ქვეყანა, ამიტომ ეს ყველამ იცის და მე ვერ წარმომიდგენია, რომ ყოფილმა პრემიერმა ეს აღმოაჩინა მხოლოდ [ახლა] - რაღაც ერთი კვირაა ეს დიდი აღმოჩენა გააკეთა“, -დასძინა სალომე ზურაბიშვილმა.

სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, მმართველ გუნდში არსებული შიდა დაპირისპირება, მხილებები და უნდობლობა რეჟიმის სწრაფი ტემპით დაშლის პირდაპირი ნიშანია.

მან არსებულ ვითარებას „წარმოუდგენელი ცირკი“ უწოდა და აღნიშნა, რომ ხელისუფლებას დღეს მხოლოდ რუსეთისგან მიღებული ფინანსური, ტექნოლოგიური და სანქციების გვერდის ავლით მიღებული მხარდაჭერა ამაგრებს.

„მე არ დამიმტკიცებია და ვერ დავამტკიცებ, რომ ღარიბაშვილი რაღაცა პროექტია სამომავლოდ - საოპოზიციო პროექტი, ან პირიქით, რეალურად თვითონ არის გადასული რაღაცა ბრძოლაში. შიდა დაპირისპირება რომ არსებობს, ძალიან კარგად ჩანს და შიდა უნდობლობა კიდევ უფრო. საინტერესოა, რომ ყველაფერი რაც იმის, მოდის თვით რეჟიმის წარმომდგენლებიდან. ისინი ამბობენ, რომ მათ შორის არიან კორუმპირებული ადამიანები ახსენებენ სასწაულ თანხებს, რომელსაც არ ვართ მიჩვეული ნამდვილად. ერთმანეთს აბრალებენ , რომ არიან მოღალატეები არიან, თვითონ გამოდიან და ერთმანეთს აბეზღებენ, როგორც ვნახეთ ყოფილი თავდაცვის მინისტრი აბეზღებს ყოფილ პრემიერს. წარმოუდგენელი სცენარი და ცირკია. რაც აჩვენებს ყველაზე მეტად, რომ არის უნდობლობა და რომ ეს რეჟიმი მიდის ჩქარი ტემპით თავის დასასრულისკენ. ვერავინ იტყვის როდის, ეს არაერთხელ მითქვამს, გავიმეორებ,მაგრამ ეს არის დაშლის ნიშნები, რომ უკვე არაფერი იჭერს რეჟიმს თუ არა გარე ფაქტორი, რომ რუსეთი უმაგრებს ზურგს, შემოდის თავის ტექნოლოგებით და ფულით. ერთგვარად ერთიმეორეს მხარდაჭერაა. საქართველო მხარს უჭერს სანქციების გვერდის ავლით და ამით საქართველოც სარგებლობს, რადგან აქ არის ერთ ერთი მისი შემოსავალი იმ დროს, როდესაც ეკონომიკა პრაქტიკულად გაჩერებულია”, - აცხადებს ზურაბიშვილი.