ზახაროვა - რუსეთი აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის უსაფრთხოებისა და ეკონომიკის გაძლიერებას გააგრძელებს - Palitra News

ზახაროვა - რუსეთი აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის უსაფრთხოებისა და ეკონომიკის გაძლიერებას გააგრძელებს

2026-08-26 21:23:41+04:00

რუსეთი აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის უსაფრთხოების, სახელმწიფო ინსტიტუტებისა და ეკონომიკის გაძლიერებაში დახმარებას კვლავგააგრძელებს. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ განაცხადა.

მისივე თქმით, ოფიციალური მოსკოვი ოკუპირებული სოხუმსა და ცხინვალთან ურთიერთობების გაღრმავებას, ეროვნული კანონმდებლობის ჰარმონიზაციას, ერთიანი თავდაცვისა და უსაფრთხოების სისტემის განვითარებასა და რეგიონთაშორისი თანამშრომლობის გაძლიერებას გეგმავს.

ზახაროვას განცხადებით, ბოლო 18 წლის განმავლობაში რუსეთსა და ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონს შორის ურთიერთობები აქტიურად ვითარდება. მანვე გაიხსენა, რომ მოსკოვმა 2008 წლის სექტემბერში სოხუმთან და ცხინვალთან ე.წ. დიპლომატიური ურთიერთობები დაამყარა.

განცხადება 26 აგვისტოს, ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ. „დამოუკიდებლობის“ აღიარების წლისთავთან დაკავშირებით გავრცელდა.