მდინარაძის გადადგომა არის კობახიძის საბოლოოდ ჩარეცხვის პრელუდია, ერთგვარი ანონსი და მეტი არაფერი, პრინციპში მისი გადადგომის სამიზნე არის კობახიძე - ის არის ერთგვარად სახლში მარტოდ დარჩენილი ბავშვი, რომელსაც შეუძლია მარტო გააფუჭოს, გაკეთების საშუალებას იქ არავინ არაფრისას არ მისცემს - ბიძინა დიდხანს მარტოს სახლში მას არ დატოვებს, - ასე შეაფასა პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა მამუკა მდინარაძის გადაწყვეტილება, დატოვოს რეგიონული განვითარების მინისტრის თანამდებობა და პოლიტიკიდან წავიდეს.
გია ხუხაშვილი მიიჩნევს, რომ მდინარაძის გადადგომა პროცესების ლოგიკური გაგრძელება და სხვადასხვა თანამდებობაზე მისი ოდისეა რეალურად უკავშირდებოდა კობახიძეს და კობახიძის სტერილიზაციისა და იზოლაციის პროცესს.
„ეს ლოგიკური გაგრძელებაა იმ პროცესების, რაც მიმდინარეობს. პრინციპში, მდინარაძე ნაკლებად საინტერესოა იმიტომ, რომ მისი ეს ბოლო ეპიზოდები კომიკურ ხასიათს ატარებდა და გასაგები იყო, რითაც დაასრულებდა. მაგრამ აქ მთავარი კითხვა კობახიძის მიმართ ისმის. ვისი პრემიერ-მინისტრია კობახიძე?! ერთადერთი დაქვემდებარებული, ვინც ჰყავდა, იყო მდინარაძე, მეტი მთავრობაში მის დაქვემდებარებაში აღარავინ აღარ არის. ის არის ერთგვარად მარტო სახლში დარჩენილი ბავშვი, რომელსაც შეუძლია მარტო გააფუჭოს, გაკეთების საშუალებას იქ არავინ არაფრისას არ მისცემს. შესაბამისად, მდინარაძის გადადგომა არის კობახიძის საბოლოოდ დაცურების პრელუდია, ერთგვარი ანონსი და მეტი არაფერი. თავად მდინარაძე არაფერს არ წარმოადგენდა და პრინციპში, მისი გადადგომის სამიზნე არის კობახიძე. ბიძინა დიდხანს მარტოს სახლში მას არ დატოვებს.
კობახიძე ისედაც დიდი ხანია გამზადებულია ჩასარეცხად. „ჩარეცხვას“ ტერმინს იმიტომ ვხმარობ, რომ ბიძინასთვის ასეა დამახასიათებელი. მარტოა სახლში დარჩენილი იმიტომ, რომ მთავრობა ტექნიკურია, მას მთავრობაში არავინ ექვემდებარება, არავინ ემორჩილება დიდი ხანია უკვე. ტექნიკური მთავრობაა, პოლიტიკური კომპონენტი აღარ არის დარჩენილი. მე არ ვაკეთებ იმის პროგნოზს, რომ ხვალ ან ზეგ მოხდება ეს, იმიტომ, რომ ბიძინა ივანიშვილმა, ბუნებრივია, უნდა აჰკიდოს ის ცოდვები, რაც ბოლო პერიოდში დაგროვდა და ამ ცოდვებთან ერთად უნდა გაისტუმროს, რაღაც ბონუსი ხომ უნდა მიიღოს მისი წასვლიდან და როდის მიიღებს ამ გადაწყვეტილებას, ცალკე თემაა, მაგრამ ის, რომ კობახიძე მარტოა სახლში დარჩენილი, აქ ორი აზრი არ არის, რომ გადახედოთ მთავრობის შემდგენლობას, ამის გააზრება ძნელი არ არის.
მდინარაძეს ეჭვი მეპარება, რომ სუს-ში რაიმე გავლენა ჰქონდა, რომ რეალურად ის აკონტროლებდა სუს-ს, ეს ასე არ იყო. ის ისე წამოვიდა სუს-იდან, რომ მე მგონი დღემდე არ იცის ეს რა ორგანიზაციაა. შესაბამისად, მე ვფიქრობ, რომ იქ იმ ტიპის გადაწყვეტილებებს იღებდა, რომ ძალიან დაძაბა სისტემაში სავარაუდოდ სიტუაცია, გამომდინარე იქიდან, რომ კარიერული სუს-ის თანამშრომლები, რომლებიც მორიგი ვარსკვლავისთვის წლები მუშაობენ და ეს ორ კვირაში გენერალ-მაიორი გახდა, გასაგებია, იქ რა ხდებოდა. სუს-იდან წამოსვლის შემდეგ, ის ფაქტობრივად ნომინალურ თანამდებობებზე იყო, ჰაერში იყო და დიდი ხანი ჰაერში აბურთავებდნენ. რეალურად მდინარაძის მთელი ეს ისტორია, ოდისეა უკავშირდებოდა კობახიძეს და კობახიძის სტერილიზაციის პროცესი მიმდინარეობდა, კობახიძის იზოლირების და დღეს ფაქტობრივად არის სიტუაცია, როდესაც კობახიძე რეალურად არაფერს აკონტროლებს, ერთადერთი ადამიანი, ვისაც შეეძლო დალაპარაკებოდა მთავრობაში, იყო მდინარაძე დარჩენილი. შესაბამისად, ის ახლა არის ბავშვი, მარტო სახლში დარჩენილი, რომელსაც ასანთი ჯერ კიდევ უჭირავს, მაგრამ ეჭვი მეპარება, რომ ვინმემ ახლა მაინც და მაინც კოცონის დანთების საშუალება მისცეს. მდინარაძის გადადგომა არაფერს არ ნიშნავს, ეს არის პრელუდია კობახიძის ჩარეცხვის“, - განაცხადა ხუხაშვილმა.
ცნობისთვის, მამუკა მდინარაძემ, რომელიც ბოლოს რეგიონული განვითარების მინისტრის პოსტს იკავებდა, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ თანამდებობას ტოვებს და პოლიტიკიდან მიდის.
მდინარაძის თქმით, 10 წელი, რაც ის პოლიტიკაშია, შრომის, სამშობლოს ერთგულების და მეგობრებთან ერთად დიდი საქვეყნო საქმის კეთების 10 წელი იყო. მისივე ინფორმაციით, პოლიტიკიდან წასვლაზე "ბოლო რამდენიმე კვირაა ფიქრობს".