ოპოზიცია ირაკლი ღარიბაშვილის წინააღმდეგ მიმდინარე პროცესს ხელისუფლების შიგნით დაწყებულ ანგარიშსწორებად აფასებს და ყოფილი პრემიერის პოზიციებს აკრიტიკებს. ოპონენტების მთავარი კითხვა ის არის, რატომ დაიწყო ღარიბაშვილმა სასამართლოს, კორუფციისა და სისტემური ზეწოლის შესახებ საუბარი მხოლოდ მას შემდეგ, რაც ეს საკითხები პირადად მას შეეხო. მათი შეფასებით, ყოფილი პრემიერი ახლა პირველ რიგში საკუთარი თავისა და ოჯახის დაცვას ცდილობს.
საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი კი ღარიბაშვილის პოზიციას ბუნდოვანს უწოდებს. მისი თქმით, გაუგებარია, ყოფილი პრემიერი ბიძინა ივანიშვილს უპირისპირდება თუ კვლავ მის მიმართ ლოიალურობას ინარჩუნებს. ზურაბიშვილის შეფასებით, ღარიბაშვილი საკუთარ პოზიციას ბოლომდე არ აფიქსირებს.