ივანიშვილი სხვადასხვა კლანებს, მის მიერვე გამოკვებილ, შექმნილ კლანებს ვირთხებივით ერთმანეთს აჭმევინებს, რომ თვითონ გამოვიდეს გამარჯვებული -კობახიძის გაგდების გარეშე ივანიშვილი ვერასდროს დაიწყებს გამოსავლის მოძებნას იმ ჩიხიდან, რომელშიც ის დღეს არის შესული - მდინარაძე კობახიძეს ყველაზე სანდო ლეიტენანტი ჰყავდა და ფაქტია, რომ ის დღეს გააგდეს. ალბათ, მადლობელია, რომ არ დაიჭირეს, ჯერჯერობით, ყოველ შემთხვევაში, - ასე გამოეხმაურა „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, სალომე სამადაშვილიმამუკა მდინარაძის მიერ თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილებას.
როგორც მან „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, „მამუკა მდინარაძის მიერ თანამდებობის დატოვება ამ პროცესის დასაწყისია და არა დასასრული“.
„მგონია, რომ ყველაზე სულელ და მიამიტ ადამიანსაც კი ამ ქვეყნად არ შეიძლება სჯეროდეს, რომ მდინარაძემ ეს გადაწყვეტილება თვითონ მიიღო. როგორც ჩანს, მას პირობები წაუყენეს ისეთი, რომ გადაწყვიტა, დროზე გაქცევა სჯობდა, უფრო უარესი ფათერაკი რომ არ შეხვედროდა ბიძინას კარზე. ეს ყველაფერი, პირველ რიგში, აჩვენებს იმას, რომ ივანიშვილი არის ჩიხში შესული, ის კარგად ხედავს, რომ ქვეყანა არის აბსოლუტურ გამოუვალ მდგომარეობაში შეყვანილი მის მიერ განხორციელებული პოლიტიკის შედეგად. შესაბამისად, ვხედავთ „ქართული ოცნების“ შიდა პროცესებს, რომელშიც მე როგორც ვხედავ, ივანიშვილი საკუთარ გამოზრდილ ვირთხებს ერთმანეთს აჭმევინებს, რომ გაათავისუფლოს ადგილი. როგორც ჩანს, ფიქრობს და ეიმედება, რომ თუ ყველა გავლენიან კლანს ერთმანეთს დააჭმევინებს, ეგებ თვითონ მაინც ჰქონდეს შანსი გამოძვრეს ამ ვითარებიდან და განახლება -გადატვირთვა მოახდინოს საკუთარი პოლიტიკის. ამის ნიშანია ის, რაც ღარიბაშვილის გარშემო განვითარდა და ასევე, ის, რაც ვითარდება კობახიძის გარშემო. მხოლოდ მდინარაძის წასვლა არ მგონია რომ იყოს, ეს უფრო ამ პროცესის დასაწყისი მგონია და არა დასასრული. კობახიძის გაგდების გარეშე ივანიშვილი ვერასდროს დაიწყებს ვერანაირი გამოსავლის მოძებნას იმ ჩიხიდან, რომელშიც ის დღეს არის შესული. ამიტომ თუ მას სურს, რომ ჩიხიდან გამოსავლის ძებნა დაიწყოს, ცხადია, რომ კობახიძე უნდა გააგდოს. მდინარაძე ყველაზე სანდო ლეიტენანტი ჰყავდა კობახიძე და ფაქტია, რომ ის დღეს გააგდეს და ალბათ, მადლობელია, რომ არ დაიჭირეს, ჯერჯერობით, ყოველ შემთხვევაში. შემდეგ ვის დაიჭერენ უცნობია.
მგონია, რომ ირაკლი ღარიბაშვილის წერილიც და მდინარაძის გადადგომაც არის ერთი პროცესი. ამ პროცესში ივანიშვილი სხვადასხვა კლანებს, მის მიერვე გამოკვებილ, შექმნილ კლანებს, ვირთხებივით ერთმანეთს აჭმევინებს, რომ თვითონ გამოვიდეს გამარჯვებული. მე ამ პროცესს ასე ვხედავ. სამწუხარო რეალობა, რომელიც უნდა დაინახოს ამ პროცესში საქართველოს მოქალაქემ არის ის, რომ აბსოლუტურად მიტოვებულია ბედის ანაბარა ხელისუფლებისგან. ხელისუფლება ძალაუფლების შენარჩუნების მიზნით არის დაკავებული ამ პროცესებით, დაჭერების და ერთმანეთთან გასწორების, მაშინ, როცა ადამიანები იბრძვიან გადარჩენისთვის“,- განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
ცნობისთვის, მამუკა მდინარაძემ, რომელიც ბოლოს რეგიონული განვითარების მინისტრის პოსტს იკავებდა, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ თანამდებობას ტოვებს და პოლიტიკიდან მიდის. მდინარაძის თქმით, 10 წელი, რაც ის პოლიტიკაშია, შრომის, სამშობლოს ერთგულების და მეგობრებთან ერთად დიდი საქვეყნო საქმის კეთების 10 წელი იყო. მისივე ინფორმაციით, პოლიტიკიდან წასვლაზე "ბოლო რამდენიმე კვირაა ფიქრობს". მდინარაძემ დღეს განაცხადა ისიც, რომ ძალებს სხვა სფეროში, მათ შორის ბიზნესში მოსინჯავს. პოლიტიკაში მის შესაძლო დაბრუნებასთან დაკავშირებით დასმული კითხვაზე პასუხად კი აღნიშნა, რომ რომ ეს უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში შეიძლება მოხდეს. “ვფიქრობ, ცოტა დასვენებას და საკუთარ ოჯახზე ზრუნვას ვიმსახურებ. ჩემი შვილები, პრაქტიკულად, უჩემოდ გაიზარდნენ. თუ ძალიან დავჭირდები გუნდს და სხვა გამოსავალი არ იქნება, მარტო ამ შემთხვევაში დავბრუნდები“, - განაცხადა მდინარაძემ.