სუს-ის ყოფილი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის ადვოკატის, ლანა ცერცვაძის განცხადებით, სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა ლილუაშვილის პირადი დაცვის წევრებმა დაადასტურეს, რომ ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე რომეო მიქაუტაძე ლილუაშვილის კაბინეტში არასდროს ყოფილა.
როგორც ცერცვაძემ განაცხადა, დაცვის წევრებმა იცოდნენ, ვინ იყო მიქაუტაძე და რა თანამდებობას იკავებდა.
მისივე თქმით, მოწმეებმა ასევე ისაუბრეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობაში ნივთების, მათ შორის ხელბარგის, შემოწმების წესზე და განმარტეს, რომ 15-კილოგრამიანი ხელბარგი ლილუაშვილის კაბინეტში ფიზიკურად ვერ შევიდოდა.
„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი მოწმეები დაიკითხნენ დღევანდელ სასამართლო სხდომაზე. კერძოდ, ბატონ გრიგოლ ლილუაშვილის პირადი დაცვის წევრები, რომლებიც იცნობდნენ ყველა მაღალი თანამდებობის პირებს, მათ შორის იცნობდნენ და იცოდნენ ვინ იყო რომეო მიქაუტაძე და რა პოზიციის მატარებელი იყო. აღნიშნულმა პირებმა ცალსახად გამოკვეთეს, რომ არასდროს უნახავთ აღნიშნული პირი ანუ რომეო მიქაუტაძე მოსული ბატონ გრიგოლ ლილუაშვილთან პირადად მისული და მის კაბინეტში. უფრო მეტიც, ამ მოწმეებმა ისაუბრეს წესზე, თუ როგორ ხდება გარკვეული ნივთების, საგნების შემოწმება და გარდა ამისა, განმარტეს, რომ არანაირი ნივთი, მით უმეტეს, ხელბარგი, რომელიც 15 კგ ტევადობის უნდა ყოფილიყო, როგორც რომეო მიქაუტაძე განმარტავს, ფიზიკურად არ შედიოდა გრიგოლ ლილუაშვილის კაბინეტში.
გარდა ამისა, ძალიან მნიშვნელოვანი იყო ერთ-ერთი მოწმის, კომპანია „მაგთის“ წარმომადგენლის ჩვენება, რომელმაც დაადასტურა, რომ ანძები, რომელიც მოპოვებული ჰქონდა ბრალდების მხარეს, ეს ანძა არ ნიშნავს იმას და ვერ დაადასტურებს იმას, რომ თითქოს, რომეო მიქაუტაძე იმყოფებოდა სახელმწიფო უსაფრთხოების ადმინისტრაციულ შენობაში“,- განაცხადა ადვოკატმა.
ადვოკატის თქმით, დაცვის მხარეს ასევე აინტერესებს, რომელი კომპანიები დასახელდა რომეო მიქაუტაძის გამოკითხვის დროს შესაძლო სარგებლის მიმღებებად, რომელ ტენდერებს ეხებოდა საკითხი და კონკრეტულად რა ფუნქცია-მოვალეობა უნდა შეესრულებინა სუს-ს.
ცერცვაძე აცხადებს, რომ ამ ინფორმაციას ბრალდების მხარე დაცვისთვის არ აწვდის. მისივე თქმით, გამოძიებას ასევე არ მოუპოვებია ინფორმაცია, კონკრეტულად რა მანქანით შევიდა მიქაუტაძე სუს-ის შენობაში.
„რომეო მიქაუტაძის გამოკითხვის დროს რა კომპანიები დასახელდა, რომლებსაც შესაძლოა მიეღოთ რამე სარგებელი, სწორედ ეს ინფორმაცია გვაინტერესებდა ეკონომიკის სამინისტროსგან, რომეო მიქაუტაძე არის მოწმე, რომელიც ვერ ახდენს იდენტიფიცირებას,რომელ კომპანიასთან უნდა მომხდარიყო სარგებლის მიღების, რამდენი ტენდერში უნდა ყოფილიყო სარგებლის მიღება და კონკრეტულად რა ფუნქცია-მოვალეობა უნდა განეხორციელებინა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს . თითქოსდა ქრთამის მიღების სანაცვლოდ. ბრალდების მხარე არ არის დაინტერესებული ამ ინფორმაციის მოწოდებით. ისევე, როგორც არ არის ბრალდება დაინტერესებულ იმ ინფორმაციის გაჟღერებით, რომ კონკრეტულად რა მანქანით შევიდა სუს-ის შენობაში რომეო მიქაუტაძე. ეს შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა. ეს ინფორმაცია საგამოძიებო უწყებას თავის დროზე, რომ მოეპოვებინა, დღეს, ბატონი გრიგოლ ლილუაშვილი ბრალდებულის სკამზე არ გვეყოლებოდა“,- განაცხადა ადვოკატმა.
ცნობისთვის, პროკურატურაში გამოკითხვაზე მისული სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი 23 დეკემბერს დააკავეს. მას ბრალი ედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტით, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას გულისხმობს და სასჯელის სახით 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.