ირაკლი კობახიძე „ნაციონალურ მოძრაობაზე“ - მიიღეს ახალი დავალება და ღიად გამოაცხადეს საკუთარი თავი რუსოფობებად - ეს არის კიდევ ერთი მოღალატეობრივი ნაბიჯი - Palitra News

ირაკლი კობახიძე „ნაციონალურ მოძრაობაზე“ - მიიღეს ახალი დავალება და ღიად გამოაცხადეს საკუთარი თავი რუსოფობებად - ეს არის კიდევ ერთი მოღალატეობრივი ნაბიჯი

2026-08-27 20:38:37+04:00

მიუღებელია „ნაციონალური მოძრაობის“ ორმაგი სტანდარტი და მათი რუსოფობიული განცხადებები და გზავნილები. შესაბამისი განცხადება პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების მიერ ლარსის საბაჟოსთან გამართული აქციის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ გააკეთა.

კობახიძის თქმით, პირველ ეტაპზე „ნაციონალური მოძრაობა“ უარყოფდა რუსოფობიას, შემდეგ კი ამაზე ღიად ალაპარაკდა, რაც, მისივე შეფასებით, მოღალატეობრივი ნაბიჯია.

„ჩვენ ვისაუბრეთ ორმაგ სტანდარტებზე, ამას საგანგებო ბრიფინგიც მივუძღვენით. მათ [„ნაციონალურ მოძრაობას“] ჰქონდათ განსხვავებული დამოკიდებულება 2008 წლის შემდეგ, უშუალოდ მას შემდეგ, რაც ქვეყანაში მოხდა ომი, მას შემდეგ, რაც 400-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა და 30 ათასზე მეტი დევნილად იქცა. მაშინ არ ჰქონდათ მათ ხისტი პოზიცია რუსეთთან და რუსებთან მიმართებით, ახლა კი ავლენენ ხისტ და რუსოფობიულ პოზიციას და ღიად აცხადებენ ამასთან დაკავშირებით, რაც ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია, როგორც ორმაგი სტანდარტი, ისე მათი რუსოფობიული განცხადებები და გზავნილები. ეს აბსოლუტურად მიუღებელია.

ჩვენ როდესაც ჩვენი პოზიციით გამოვედით რუსოფობიასთან დაკავშირებით, პირველ ეტაპზე მათ თავის მართლება დაიწყეს და აცხადებდნენ, რომ არ იყვნენ რუსოფობები, თუმცა რამდენიმე დღეში ეს მესიჯი შემოატრიალეს, მიიღეს ახალი დავალება და ღიად გამოაცხადეს საკუთარი თავი რუსოფობებად, რაც მათ სახეს აჩვენებს.

ეს არის კიდევ ერთი მოღალატეობრივი ნაბიჯი და მათი მოღალატეობრივი ბუნების გამოვლინება“, - განაცხადა კობახიძემ.