“თავისუფლების მოედნის” ერთ-ერთმა ლიდერმა, სიმონ ჯანაშიამ აბიტურიენტებს, რომლებმაც ერთიანი ეროვნული გამოცდების დადებითი შედეგები მიიღეს, თუმცა სასურველ უნივერსიტეტში ვერ მოხვდნენ, მოუწოდა “თავისუფლების მოედანს” დაუკავშირდნენ.
როგორც მან ბრიფინგზე განაცხადა, პარტია იბრძოლებს იმისათვის, რომ აბიტურიენტებმა წელსვე შეძლონ ჩააბარონ იმ უმაღლესებში, სადაც ცდილობდნენ ჩაბარებას.
ჯანაშიას განცხადებით, „ქართულმა ოცნებამ“ უნივერსიტეტებში ადგილები სპეციალურად შეამცირა და რიგი პროგრამები გააუქმა.
“ქართულმა ოცნებამ” სპეციალურად შეამცირა ადგილები უნივერსიტეტებში, გააუქმა პროგრამები. ფაქტობრივად, დახურა უნივერსიტეტები, იმისთვის, რომ ახალგაზრდებმა საქართველოში განათლება არ მიიღონ. ამ დროს რამდენიმე ათასი აბიტურიენტი გყავს, რომლებმაც დაადასტურეს, რომ არა მხოლოდ უნდათ უმაღლესში სწავლა, არამედ შეუძლიათ. ერთის მხრივ, უნივერსიტეტებში გვაქვს ადგილები, მეორეს მხრივ, არის “ქართული ოცნება”, რომელიც უარს ამბობს ამ შესაძლებლობის გახსნაზე. ჩვენ მოვუწოდებთ ყველა აბიტურიენტს, ვისაც შესაძლებლობა ჰქონდა ჩაებარებინა გამოცდები და მაინც ვერ მოხვდა უმაღლესში, მიუხედავად, იმისა, რომ დადებითი შედეგები აქვთ, მოგვწერონ ჩვენ - “თავისუფლების მოედნის” “ფეისბუქ” გვერდზე. ჩვენ ვიბრძოლებთ იმისთვის, რომ თქვენ წელსვე გქონდეთ შესაძლებლობა, რომ ჩააბაროთ იმ უმაღლესებში, სადაც ცდილობდით ჩაბარებას”,- განაცხადა სიმონ ჯანაშიამ.