„ქართული ოცნების“ დეპუტატი თენგიზ შარმანაშვილი პრეზიდენტის მიერ აქციების პერიოდში დაკავებულების ნაწილის შეწყალებას ეხმაურება და აცხადებს, რომ „ეს ძალიან მისასალმებელია“.
როგორც ის სოციალურ ქსელში წერს, „ვინც სახელმწიფო ინსტიტუტებს ცნობს, სახელმწიფოც გადადგამს მისკენ ნაბიჯს“.
„ეს არის ძალიან მისასალმებელი. ვინც სახელმწიფო ინსტიტუტებს ცნობს, სახელმწიფოც გადადგამს მისკენ ნაბიჯს. თუ ასე ვიმოძრავებთ, სიძულვილს ოპონირება ჩაანაცვლებს. ვინც სიძულვილს ვერ გაცდება, იქ სახელმწიფოც თავისას იტყვის,“ - წერს შარმანაშვილი.
ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით, 226 პირი შეიწყალა. შეწყალებულ პირთა შორის არიან 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული ავთანდილ თოფჩიშვილი და თორნიკე მჭედლიშვილი, ასევე, საპროტესტო აქციების დროს დაკავებული ფრიდონ ბუბუტეიშვილი, დავით ხომერიკი, სიმონ მახარაძე, საბა ჯიქია, გურამ ხუტაშვილი, დანიელ მუმლაძე და დენის კულანინი.