ლევან მახაშვილი რამდენიმე მომიტინგის შეწყალებაზე - ნებისმიერი ჰუმანური აქტი მისასალმებელია - როდესაც სახეზეა დანაშაულის აღიარება, მონანიება, სახელმწიფო ჰუმანური იქნება - Palitra News

ლევან მახაშვილი რამდენიმე მომიტინგის შეწყალებაზე - ნებისმიერი ჰუმანური აქტი მისასალმებელია - როდესაც სახეზეა დანაშაულის აღიარება, მონანიება, სახელმწიფო ჰუმანური იქნება

2026-08-28 13:01:59+04:00

ნებისმიერი ჰუმანური აქტი მისასალმებელია - როდესაც სახეზეა დანაშაულის აღიარება, მონანიება, რა თქმა უნდა, სახელმწიფო ჰუმანური იქნება, - ამის შესახებ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა განაცხადა, რითაც პრეზიდენტის მიერ აქციების პერიოდში დაკავებულების ნაწილის შეწყალებას გამოეხმაურა.

მისივე თქმით, აქციებზე დაკავებულმა პირებმა, შეწყალების თხოვნით, პრეზიდენტს თავად მიმართეს.

„მისასალმებელია ნებისმიერი ჰუმანური აქტი, რომელიც ეფუძნება დანაშაულის აღიარებას და მონანიებას. საზოგადოებამ იცის, რომ ამ ადამიანებმა საქართველოს პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით მიმართეს და მანაც შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღო. ამით კიდევ ერთხელ ხაზი გაესვა იმას, რომ ერთი მხრივ, სახელმწიფო იქნება შეუწყნარებელი ყველა დანაშაულის მიმართ, რომელიც ეხება სახელმწიფოს წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებს მაგრამ მეორე მხრივ, როდესაც სახეზეა დანაშაულის აღიარება, მონანიება, საზოგადოებაში ნორმალური, ცივილური ფორმით დაბრუნების სურვილის გამოხატვა, რა თქმა უნდა, ამ დროსაც, სახელმწიფო იქნება ჰუმანური ასეთი ადამიანების მიმართ. ასე რომ, მრავალმხრივ მნიშვნელოვანია საქართველოს პრეზიდენტის შეწყალების აქტი. როგორც მან აქამდე განაცხადა, თუ იქნება შეწყალების, დანაშაულის აღიარების და მონანიების სურვილი, იგი მზადაა, რომ ასეთ დროს დადგეს სახელმწიფოს, მაგრამ ამავე დროს, საზოგადოების გვერდში,“ - განაცხადა მახაშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით, 226 პირი შეიწყალა. შეწყალებულ პირთა შორის არიან 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული ავთანდილ თოფჩიშვილი და თორნიკე მჭედლიშვილი, ასევე, საპროტესტო აქციების დროს დაკავებული ფრიდონ ბუბუტეიშვილი, დავით ხომერიკი, სიმონ მახარაძე, საბა ჯიქია, გურამ ხუტაშვილი, დანიელ მუმლაძე და დენის კულანინი.