თბილისში 30 წლის აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა ნაქირავებ ბინაში გარდაცვლილი იპოვეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პირველადი დათვალიერებით, მას ძალადობის კვალი არ აღენიშნება. ცხედარი ექსპერტიზისთვის ლევან სამხარაულის სახელობის ბიუროში გადაასვენეს.
ბუავა, სავარაუდოდ, რამდენიმე დღის გარდაცვლილი იყო. მეზობლებმა პოლიცია და მაშველები კორპუსში ძლიერი სუნის გამო გამოიძახეს. კამერების ჩანაწერებით, ბუავა სახლიდან 23 აგვისტოს შემდეგ არ გასულა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
ბუავა 2021 წელს ტყვარჩელიდან თბილისში ჩამოვიდა და სოციალურ ქსელში ქართველებისა და აფხაზების მეგობრობაზე საუბრობდა.