ადვოკატი დაურ ბუავას გარდაცვალების საქმეზე - მუქარები იყო, სიტყვიერიც და ფიზიკურიც, შესაბამისად, გამორიცხული არ არის, გარდაცვალება მის საქმიანობას უკავშირდებოდეს - დამოუკიდებელი ექსპერტიზაც ჩატარდება - Palitra News

ადვოკატი დაურ ბუავას გარდაცვალების საქმეზე - მუქარები იყო, სიტყვიერიც და ფიზიკურიც, შესაბამისად, გამორიცხული არ არის, გარდაცვალება მის საქმიანობას უკავშირდებოდეს - დამოუკიდებელი ექსპერტიზაც ჩატარდება

2026-08-29 12:56:52+04:00

გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერს, დაურ ბუავას დამოუკიდებელ ექსპერტიზასაც ჩაუტარებენ. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ბუავას ადვოკატმა ნათია მეზვრიშვილმა განუცხადა.

გარდაცვლილი ბლოგერის ცხედარს ექსპერტიზა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში უტარდება, საიდანაც მას თბილისშივე, მეგობრის სახლში გადაასვენებენ.

ადვოკატის თქმით, ის გამოძიებასთან ერთად აქტიურად მუშაობს სიმართლის და ყველა გარემოების დასადგენად.

„ვიდრე სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა არ ჩატარდება, გარდაცვალების მიზეზებზე ვერ ვისაუბრებთ და ვერავინ იტყვის, გარდაცვალება რამ გამოიწვია. რა თქმა უნდა, ჩვენ ყველა გარემოებას მოვიკვლევთ, ჩვენც და გამოძიებაც ყველა ვერსიაზე ვმუშაობთ, რათა სიმართლე დადგინდეს. რაც შეეხება საეჭვო გარემოებებს, ამ ეტაპზე, როგორც იცით, გამოძიება მუშაობს, ჩვენც აქტიურად ვმუშაობთ გამოძიებასთან და დეტალურ ინფორმაციას შემდეგ გავაჟღერებთ“, - აცხადებს მეზვრიშვილი.

კითხვაზე, თუ ვინ არის დაკავებული ქალი, ან ჰქონდა თუ არა ადვოკატს დაურ ბუავას ოჯახის წევრებთან კომუნიკაცია, მეზვრიშვილი პასუხობს, რომ მას ამ ეტაპზე მხოლოდ გამოძიებასთან აქვს კონტაქტი.

„ჩვენ გამოძიებასთან გვაქვს კომუნიკაცია და როგორც გამოძიებისგან გვაქვს ინფორმაცია, დაკავებული არის მისი მეგობარი, თუმცა, ეს არის გამოძიების ვერსია, სხვა დეტალები ამ ეტაპზე ჩვენთვის უცნობია“, - განაცხადა მეზვრიშვილმა.

კითხვაზე, თუ რამდენად სარწმუნოა მისთვის შსს-ს ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, გარდაცვლილმა და დაკავებულმა ნარკოტიკი მოიხმარეს, რის შემდეგაც ის მეგობარმა განსაცდელში, ცუდად მყოფი მიატოვა, ადვოკატი ასე პასუხობს:

„ეს არის მხოლოდ და მხოლოდ გამოძიების ვერსია. რა თქმა უნდა, ჩვენ ყველა დეტალს მოვიკვლევთ, ვაპირებთ, რომ დამოუკიდებელი ექსპერტიზაც ჩავატაროთ“, - აცხადებს ადვოკატი.

კითხვაზე, მოითხოვს თუ არა ის განსაცდელში მიტოვების მუხლით დაწყებული გამოძიების სხვა მიმართულებით წასვლას, ან აქვს თუ არა ეჭვი, რომ ეს შესაძლოა, მკვლელობა იყოს, ადვოკატი ასე პასუხობს:

„ეს გამოძიების დასადგენია. გამოძიების და ჩვენი მოკვლევის შედეგად რაც დადგინდება, ამის შემდეგ აქტიურად ვიმუშავებთ გამოძიებასთან ამ მუხლის კვალიფიკაციებთან დაკავშირებით“, - განაცხადა მეზვრიშვილმა.

კითხვაზე, რამდენად შეესაბამება სიმართლეს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ბუავა გარდაცვალებამდე მუქარებს იღებდა, ადვოკატი დადებით პასუხს სცემს.

„როგორც ჩვენთვის ცნობილია, მის საქმიანობასთან დაკავშირებული მუქარები იყო, როგორც სიტყვიერი, ასევე ფიზიკური. შესაბამისად, გამორიცხული არ არის, მისი გარდაცვალება მის საქმიანობას უკავშირდებოდეს. დაურ ბუავა ბლოგერი იყო, ის აქტიურად წერდა ვიდეოებს საქართველოზე და აფხაზებთან ურთიერთობებზე, ეს რა თქმა უნდა, აფხაზებს არ მოსწონდათ“, - აცხადებს ადვოკატი.

ცნობისთვის, აფხაზი ბლოგერი, დაურ ბუავა თბილისში, საცხოვრებელ ბინაში, გარდაცვლილი 28 აგვისტოს იპოვეს. ის სავარაუდოდ, რამდენიმე დღის გარდაცვლილი იყო, ვინაიდან მეზობლებმა სამაშველო ბრიგადა კორპუსში „გაფუჭებული ხორცის მძაფრი სუნის” გამო გამოიძახეს. ბუავა მაშველებს ბინაში შესვლისას გარდაცვლილი დახვდათ. 29 აგვისტოს სამართალდამცავებმა კი უცხო ქვეყნის მოქალაქე, დაურ ბუავას მეგობარი ქალი განსაცდელში მიტოვების მუხლით დააკავეს. შსს-ს ცნობით, მათ ნარკოტიკული საშუალება მოიხმარეს, რის შემდეგაც ორივე მათგანი შეუძლოდ გახდა. გამოძიების ინფორმაციით, დაკავებულმა ქალმა კრიტიკულად მძიმე და სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობაში მყოფი ბუავა მიატოვა, საცხოვრებელი ბინის კარი გარედან ჩაკეტა და შემთხვევის ადგილიდან წავიდა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე - თვითმკვლელობამდე მიყვანისა და 128-ე - განსაცდელში მიტოვების მუხლებით მიმდინარეობს.