გასული წლის საპროტესტო აქციაზე პოლიციის მანქანის დაზიანებისთვის მსჯავრდებული, წარმოშობით რუსი აქტივისტი დენისკულანინი, რომელიც საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმაშეიწყალა, მშრალად შიმშილობს. ის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტშია მოთავსებული და რუსეთში დეპორტაცია ემუქრა.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ ადვოკატმა მარინა მესხმა განუცხადა, უფლებადამცველები სასამართლოს დენის კულანინის მისი წარმოშობის ქვეყნის ნაცვლად, მესამე ქვეყანაში გაძევების შუამდგომლობით მიმართავენ, რის უფლებასაც მესხის თქმით, მათ კანონი აძლევს.
მესხმა დენის კულანინი დაწესებულებაში დღეს მოინახულა და როგორც ის განმარტავს, კულანინს შიმშილობის შეწყვეტისკენ მოუწოდა. შესაბამისად, მისთვის უცნობია, ამ წუთებში შიმშილობა შეწყვეტილი აქვს თუ არა.
„ცუდად გამოიყურებოდა, გამხდარი, გაშავებული სახით იყო, მშრალი შიმშილობა ჰქონია გამოცხადებული, რადგან არ იცოდა, რა ელოდა, მისი პასპორტიც არ იცოდა სად იყო, ინფორმაცია არ ჰქონდა, რომ თვითმფრინავის ბილეთი ავუღეთ მესამე ქვეყანაში. დავაწყნარე, დავამშვიდე, ვუთხარი, რომ კანონით აქვს უფლება მესამე ქვეყანაში გავიდეს, მთავარია სასამართლომ და საემიგრაციო დეპარტამენტმა თანხმობა მოგვცეს. ვუთხარი, რომ ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ მესამე ქვეყანაში გავიდეს, ვთხოვე, რომ ეჭამა, რადგან დღეს სასამართლო იქნება და ძალა ჰქონდეს და რომ ყველაფერი კარგად იქნება. არ ვიცი, შიმშილობა შეწყვიტა თუ არა, მე და ადვოკატი ციალა რატიანი ვესაუბრეთ, რა გადაწყვეტილება მიიღო, არ ვიცი.
სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს მისი გაძევების საკითხი. ზოგადად, წარმოშობის ქვეყანაში აძევებენ, მისი წარმოშობის ქვეყანა რუსეთია, სადაც საფრთხე ემუქრება, მას კანონით აქვს უფლება, მესამე ქვეყანაში წავიდეს, ჩვენ მესამე ქვეყანაში ავუღეთ ბილეთები, მაგრამ სასამართლომ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება მიგრაციის დეპარტამენტთან ერთად“, - განაცხადა მესხმა.
ცნობისთვის, დენის კულანინი წარმოშობით რუსი აქტივისტია, რომელიც საქართველოში ცხოვრობდა. ის 2025 წლის 28 მარტს დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით ჰქონდა წარდგენილი, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას გულისხმობს. აღნიშნული ბრალის მიხედვით, მან პოლიციის კუთვნილი ავტომანქანა დააზიანა.
დენის კულანინს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი.
პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმასაპროტესტო აქციებში მონაწილე 9 მსჯავრდებული შეიწყალა: დანიელ მუმლაძე, გურამ ხუტაშვილი, ფრიდონ ბუბუტეიშვილი, დენის კულანინი, საბა ჯიქია, დავით ხომერიკი, თორნიკე მჭედლიშვილი, სიმონ მახარაძე და ავთანდილ თოფჩიშვილი.