წარმოშობით რუსი აქტივისტი დენის კულანინი, რომელიც მიხეილ ყაველაშვილმა შეიწყალა, გაძევების პროცედურის დასრულებამდე დაკავებული იქნება - მან შიმშილობა შეწყვიტა - Palitra News

წარმოშობით რუსი აქტივისტი დენის კულანინი, რომელიც მიხეილ ყაველაშვილმა შეიწყალა, გაძევების პროცედურის დასრულებამდე დაკავებული იქნება - მან შიმშილობა შეწყვიტა

2026-08-30 12:51:02+04:00

გასული წლის საპროტესტო აქციაზე პოლიციის მანქანის დაზიანებისთვის მსჯავრდებული, წარმოშობით რუსი აქტივისტი დენის კულანინი, რომელიც საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა შეიწყალა, ქვეყნიდან გაძევებამდე პატიმრობაში იქნება.

კერძოდ, დღეს მოსამართლე ნინო შჩერბაკოვამ განიხილა შსს-ს მიგრაციის დეპარტამენტის შუამდგომლობა შეწყალებული დენის კულანინის მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსებასთან დაკავშირებით და მიზანშეწონილად ჩათვალა დენის კულანინის დაპატიმრება და დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსება 3 თვის ვადით დაკავების საფუძვლების აღმოფხვრამდე, ან მისი გაძევების პროცედურის დასრულებამდე.

როგორც ,,უფლებები საქართველოს"ადვოკატმა დიმიტრი ნოზაძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, დენის კულანინმა შიმშილობაც შეწყვიტა.

„დღეს მოსამართლემ განიხილა გაძევების პროცედურის დაწყებამდე დარჩებოდა თუ არა მიგრაციის დეპარტამენტში. 3 თვიანი პერიოდია, წარვადგინეთ ბილეთები მესამე ქვეყანაში. რა თმა უნდა, ქვეყანას ვერ დაგისახელებთ. სანამ ქვეყანას დატოვებს, მიგრაციის დეპარტამენტში იქნება. ამ შემთხვევაში, მიგრაციის დეპარტამენტმა უნდა უზრუნველყოს უკვე პირის აეროპორტში მიყვანა, რომ მან საქართველო დატოვოს, რაც სასამართლოზეც დაადასტურა. შიმშილობდა, თუმცა დღეს ვესაუბრეთ და შეწყვიტა. განაცხადა თანხმობა, რომ თავისი ნებით მესამე ქვეყანაში წავა და საქართველოს დატოვებს“, - განაცხადა დიმიტრი ნოზაძემ ნოზაძემ.

,,უფლებები საქართველოს" ცნობით, შსს თავის შუამდგომლობაში უთითებდა, რომ არსებობდა დენის კულანინის მიმალვისა და გაძევების პროცედურისთვის თავის არიდების საფრთხე.

„განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა აქტიური ქირავნობის ხელშეკრულების არ არსებობაზე. სასამართლომ არ გაითვალისწინა დენის კულანინის ადვოკატების შუამდგომლობა, საქმისთვის მტკიცებულებად დართული მესამე ქვეყანაში გასამგზავრებლად ნაყიდი თვითმფრინავის ბილეთები და დენის კულანინის მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების გადაწყვეტილება მიიღო“, - აღნიშნავენ ,,უფლებები საქართველოში" .

ცნობისთვის, დენის კულანინი წარმოშობით რუსი აქტივისტია, რომელიც საქართველოში ცხოვრობდა. ის 2025 წლის 28 მარტს დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით ჰქონდა წარდგენილი, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას გულისხმობს. აღნიშნული ბრალის მიხედვით, მან პოლიციის კუთვნილი ავტომანქანა დააზიანა. დენის კულანინს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი. პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა საპროტესტო აქციებში მონაწილე 9 მსჯავრდებული შეიწყალა: დანიელ მუმლაძე, გურამ ხუტაშვილი, ფრიდონ ბუბუტეიშვილი, დენის კულანინი, საბა ჯიქია, დავით ხომერიკი, თორნიკე მჭედლიშვილი, სიმონ მახარაძე და ავთანდილ თოფჩიშვილი.