განათლების სისტემამ საზოგადოებასთან და აბიტურიენტებთან დაპირისპირებაში მარცხი განიცადა და აღიარა უმაღლესი განათლების მართვის კოლაფსი, ე.წ. დეფორმის სისტემური ჩამოშლა, - ასე აფასებს „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, განათლების ყოფილი მინისტრი, ნიკა გვარამია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს გადაწყვეტილებას, რომლითაც აბიტურიენტებს, რომელთაც ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გადალახეს, ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შესაძლებლობას ეძლევათ.
როგორც გვარამია „ფეისბუქზე“ წერს, აღნიშნული გადაწყვეტილება საზოგადოების ზეწოლის შედეგია.
„საზოგადოებრივი ზეწოლის შედეგად, კობახიძე იძულებული გახდა, თავისი გადაწყვეტილებით უნივერსიტეტებში ჩარიცხოს ის 1795 აბიტურიენტი, ვინც ეროვნულ გამოცდებზე გადალახა მინიმალური კომპეტენციის ზღვარი, მაგრამ გაუკუღმართებული რეფორმის გამო სახელმწიფომ გარეთ დატოვა. ვულოცავ ყველა აბიტურიენტს! განათლების სისტემამ კი საზოგადოებასთან და აბიტურიენტებთან დაპირისპირებაში მარცხი განიცადა და აღიარა უმაღლესი განათლების მართვის კოლაფსი, ე.წ. დეფორმის სისტემური ჩამოშლა. ვულოცავ საზოგადოებას ამ გამარჯვებას!“, - წერს გვარამია სოციალურ ქსელში.
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო აბიტურიენტებს, რომელთაც გადალახეს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მინიმალური კომპეტენციის ზღვარი ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შესაძლებლობას აძლევს. როგორც მინისტრმა გივი მიქანაძემ ბრიფინგზე განაცხადა, წელს სამინისტრო პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით დაუშვებს გამონაკლისს.