ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ქვეყნის შეიარაღებულმა ძალებმა ლარაკის კუნძულზე აშშ-ის დარტყმის შემდეგ, თავდაცვის მიზნით, აშშ-ის სამხედრო ბაზებზე საპასუხო დარტყმები განახორციელეს, - ინფორმაციას Iran International-ი ავრცელებს.
სამინისტროს ინფორმაციით, აშშ-ის დარტყმის შედეგად რამდენიმე სამხედრო პირი და მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და დაიჭრა.
უწყების მტკიცებით, ირანის ძალებმა შემდგომში „თავდაცვითი და შემაკავებელი დარტყმები“ განახორციელეს თავდასხმაში მონაწილე ან მის მხარდამჭერ აშშ-ის ბაზებზე.
„ირანის ისლამური რესპუბლიკა უყოყმანოდ გამოიყენებს თავდაცვის ლეგიტიმური უფლებას და გადამწყვეტად უპასუხებს მტრის ყველა სამხედრო აგრესიას“, - აღნიშნულია სამინისტროს განცხადებაში.
უწყება ხაზს უსვამს, რომ პასუხისმგებლობას გაიზიარებენ ის ქვეყნებიც, რომლებიც აშშ-ის ოპერაციებს ხელს უწყობენ.
ამასთან, ირანის არმიის განცხადებით, დღეს დილით არაბთა გაერთიანებულ საემიროებში, ალ-მინჰადის საჰაერო ბაზაზე განლაგებულ აშშ-ის ჯარებისა და ვერტმფრენების მიმართულებით ათობით ასაფეთქებელი დრონი გაუშვეს.
„დღეს დილიდან ირანის ისლამური რესპუბლიკის არმიამ არაბთა გაერთიანებულ საემიროებში, ალ-მინჰადის ბაზაზე აშშ-ის სამხედრო ვერტმფრენებისა და პერსონალის განთავსების ადგილებს ათობით ასაფეთქებელი დრონით შეუტია“, - აღნიშნულია განცხადებაში.
ირანის არმიის შეფასებით, აღნიშნული შეტევა ირანის ლარაკის კუნძულზე აშშ-ის მიერ განხორციელებულ დარტყმაზე რეაგირება იყო.