პროკურორი - დაურ ბუავას შეკვეთილი მკვლელობის ვერსია ამ ეტაპისთვის გამოკვეთილი არ არის, თუმცა გამოძიება ყველა მიმართულებით გრძელდება, რაც შეეხება დაკავებულ ქალს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, თუმცა ის კონტაქტურია - Palitra News

პროკურორი - დაურ ბუავას შეკვეთილი მკვლელობის ვერსია ამ ეტაპისთვის გამოკვეთილი არ არის, თუმცა გამოძიება ყველა მიმართულებით გრძელდება, რაც შეეხება დაკავებულ ქალს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, თუმცა ის კონტაქტურია

2026-08-31 16:20:28+04:00

პროკურორ დავით ყაზარაშვილის განცხადებით, აფხაზი ბლოგერი, დაურ ბუავა და ნარკოდანაშაულისთვის დაკავებული ორი პირი, ერთმანეთს მანამდეც იცნობდნენ.

კითხვაზე, ბრალდებულებსა და ბუავას მიუღიათ თუ არა ერთად ნარკოტიკული საშუალება, პროკურორი დადებით პასუხს სცემს.

ყაზარაშვილის თქმით, დაკავებულ ორ პირს უკრაინის მოქალაქე, ვალერია კირლიუკი დაურ ბუავამ გააცნო.

პროკურორის განმარტებით, გარდაცვლილისა და ბრალდებულის სისხლში ნარკოტიკულ საშუალება “მეთადონთან” ერთად ალკოჰოლიც - კერძოდ კი, სპირტიც აღმოჩნდა.

“პირველ რიგში, ვუსამძიმრებ გარდაცვლილის ოჯახს და მის მეგობრებს. ნამდვილად, ჩვენი ქვეყნისთვისაც დიდი ტრაგედიაა და ჩვენთვისაც დიდი პასუხისმგებლობაა ამ საქმის გამოძიება. რაც შეეხება ფაქტს, 2026 წლის 23 აგვისტოს, ბრალდებული დაურ ბუავასთან ბინაში მიდის, სადაც მიიტანა ნარკოტიკული საშუალება და მათ ის ერთად მოიხმარეს. როგორც ბრალდებული აცხადებს, შეუძლოდ გახდა და გონება დაკარგა. ის გონზე 25 აგვისტოს, დილის საათებში მოდის - ესეც მისი ჩვენებიდანაა ცნობილი. ამ დროს დაურ ბუავა ჯერ კიდევ ცოცხალი იყო. ბრალდებულის ჩვენებიდან ირკვევა, რომ ის მძიმედ სუნთქავდა, მაგრამ სუნთქავდა. ეს ადამიანი ისე, რომ მას არც დაეხმარა, არც პოლიცია გამოიძახა და არც სხვა საშუალებისთვის მიუმართავს, ტოვებს გარდაცვლილის ბინას და თავისი ნაქირავები ბინის მიმართულებით მიდის, მას გზად რამდენიმე ადამიანი შეხვდა, თუმცა არც მათ ეუბნება მომხდარის თაობაზე, ასევე, სხვა ადამიანებმაც მოიკითხეს ბუავას მდგომარეობა და არც მათ უთხრა სიმართლე... დაკავებამდე ის ნაქირავებ საცხოვრებელ სახლში იმყოფებოდა, შემთხვევის ადგილიდან ის პირდაპირ იქ გაემართა”, - განაცხადა ყაზარაშვილმა.

რაც შეეხება იმას, შეიძლება თუ არა დაკავებულ ქალს ბრალი დაუმძიმდეს იმის გამო, რომ ბუავა გარედან ჩაკეტა და არც სხვებს შეატყობინა მისი მდგომარეობის შესახებ, პროკურორი ამბობს, რომ ამაზე საუბარი ჯერ ადრეა.

“გამოძიების დაწყებიდან ორი დღეა გასული და სამი პირია დაკავებული, მათ შორის, ორი პირი ნარკოტიკულ დანაშაულზე. მათ შორის, ერთ-ერთია პირი, რომელმაც უშუალოდ გადასცა ბრალდებულს ნარკოტიკული საშუალება, რაც შემდეგ ბუავასთან ერთად მოიხმარა. გამოძიება გრძელდება, რა კვალიფიკაციით გაგრძელდება, რა შეიძლება გამოიკვეთოს, ამაზე საუბარი წინასწარ ზედმეტია....

ამ ეტაპზე, როგორც საქმის მასალებით ვარკვევთ, ასევე, ბრალდებულის ჩვენებიდან იკვეთება, ეს ადამიანი ბუავას მეგობარი იყო. დანარჩენი ორი პირიც აცხადებს, რომ ბუავას მეგობრები იყვნენ და გარკვეული კავშირები ჰქონდათ. ორივე დაკავებული ქართველია და იცნობდნენ ბუავას.

რაც შეეხება ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობას, ის “ვივამედშია” მოთავსებული, მძიმეა მისი მდგომარეობა, თუმცა კონტაქტურია და ბრალიც პირადად წარედგინა გუშინ.

ამ საქმის ფარგლებში უამრავი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება ჩატარდა, როგორც მოცემულ ბრალდებულთან, ასევე ამავე საქმის ფარგლებში დაკავებულ იმ ორ პირთან. ფარული საგამოძიებო მოქმედების ფარგლებში ამ ადამიანებთან გასაუბრება მოხდა. ისინი ადასტურებენ იმ გარემოებას, რომ ამ დაკავებულთაგან ერთ-ერთმა ბრალდებულს, უკრაინის მოქალაქეს გადასცა ნარკოტიკული საშუალება, რომელიც მან ბუავას საცხოვრებელ სახლში წაიღო. ეს არის “მეთადონი”. ბრალდებულის ორგანიზმშიც “მეთადონის” მოხმარება დადასტურდა, ასევე ბუავას ორგანიზმშიც ამოსული ნარკოტიკული საშუალება არის “მეთადონი” და საცხოვრებელ სახლშიც ამოღებულია “მეთადონი.

ამ ეტაპზე საქმეში რა ინფორმაციაც გვაქვს, ბუავამ იცოდა, რას აკეთებდა და ნარკოტიკული საშუალება მიიღო. სამწუხაროდ, ასეა”, - განაცხადა პროკურორმა.

რაც შეეხება სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვერსიებს და საუბარს იმაზე, რომ ეს შესაძლოა, შეკვეთილი მკვლელობა იყოს, ყაზარაშვილი პასუხობს, რომ ამ ეტაპისთვის ეს გამოკვეთილი არ არის, თუმცა, გამოძიება ყველა მიმართულებით გრძელდება.

“გამოძიებით ამ ეტაპზე ის არის დადგენილი, რასაც ვსაუბრობთ. რაც შეეხება ვერსიებს, ბევრი შეიძლება გაჩნდეს, გამოძიება გრძელდება და ნებისმიერი ვერსია, გარემოება გადამოწმდება.

რაც შეეხება ოჯახს, მათთან შუამავლების მეშვეობით ვცდილობთ კომუნიკაციის დამყარებას. ჩვენ როგორც ვიცით, ჩამოდიან, შეხვედრა გვექნება და მათაც საქმის მასალებზე სრული წვდომა ექნებათ”, - აცხადებს ყაზარაშვილი.

რაც შეეხება იმას, თუ როგორ გაიცნო დაკავებულმა დაურ ბუავა, პროკურორი აცხადებს, რომ ბრალდებულის ჩვენებით, მათ კაფეში გაიცნეს ერთმანეთი და მეგობრული ურთიერთობა ჩამოუყალიბდათ.

ცნობისთვის, აფხაზი ბლოგერი, დაურ ბუავა თბილისში, საცხოვრებელ ბინაში, გარდაცვლილი 28 აგვისტოს იპოვეს. ის სავარაუდოდ, რამდენიმე დღის გარდაცვლილი იყო, ვინაიდან მეზობლებმა სამაშველო ბრიგადა კორპუსში „გაფუჭებული ხორცის მძაფრი სუნის” გამო გამოიძახეს. ბუავა მაშველებს ბინაში შესვლისას გარდაცვლილი დახვდათ. 29 აგვისტოს სამართალდამცავებმა კი უცხო ქვეყნის მოქალაქე, დაურ ბუავას მეგობარი ქალი - ვალერია კირლიუკი სისხლის სამართლის კოდექსის 128-ე მუხლით დააკავეს, რაც განსაცდელში მიტოვებას გულისხმობს.გამოძიების თანახმად, მათ ნარკოტიკული საშუალება მოიხმარეს, რის შემდეგაც ორივე მათგანი შეუძლოდ გახდა. მათივე ცნობით, დაკავებულმა ქალმა კრიტიკულად მძიმე და სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობაში მყოფი ბუავა მიატოვა, საცხოვრებელი ბინის კარი გარედან ჩაკეტა და შემთხვევის ადგილიდან წავიდა. გამოძიება ასევე მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე - თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლითაც.სამართალდამცავებმა დაურ ბუავას გარდაცვალების ფაქტზე გამოძიების ფარგლებში ასევე, ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ბრალდებით ორი პირი დააკავეს.