სააპელაციო სასამართლომ 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ გიორგი კირვალიძის მიმართ საპროცესო შეთანხმება გააუქმა - Palitra News

სააპელაციო სასამართლომ 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ გიორგი კირვალიძის მიმართ საპროცესო შეთანხმება გააუქმა

2026-08-31 17:31:09+04:00

4 ოქტომბერს ათონელის სასახლესთან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებულ გიორგი კირვალიძის მიმართ გამოყენებული საპროცესო შეთანხმება თბილისის სააპელაციო სასამართლომ გააუქმა.

შესაბამისად, კირვალიძის საქმე არსებითად განსახილველად თბილისის საქალაქო სასამართლოს დაუბრუნდება.

საპროცესო შეთანხმების გაუქმების მოთხოვნით სასამართლოს საჩივრით პროკურატურამ მიმართა, რის საფუძვლადაც უწყება კირვალიძის მხრიდან ბრალის არ აღიარებას ასახელებს.

ადვოკატ ბორის ჩელე ყურუას განცხადებით, კი ეს აბსურდია, ვინაიდან, არ აღიარების შემთხვევაში, სასამართლო მას საპროცესო შეთანხმებას არც გაუფორმებდა.

ინფორმაციისთვის, გიორგი კირვალიძეს 4 ოქტომბრის მოვლენების საქმეზე ბრალდებულ კიდევ 11 პირთან ერთად, საპროცესო შეთანხმება 24 ივნისს გაუფორმდა. რის საფუძველზეც მას 1 წელი რეალური და 3 წელი პირობითი სასჯელი დაუმტკიცდა, თუმცა, საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შემდეგ გიორგი კირვალიძემ განაცხადა, რომ ის თავს დამნაშავედ არ ცნობდა და საპროცესო შეთანხმების გაუქმება მოითხოვა.

4 ოქტომბერს, ათონელის სასახლესთან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებულ გიორგი კირვალიძეს, ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით ჰქონდა წარდგენილი, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად. ასევე, წარდგენილი ჰქონდა ბრალდება სსსკ-ის 225-ე მუხლის მეორე ნაწილითაც, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.