სასკოლო ფორმების შეძენა 1-14 სექტემბერს სპეციალურ პუნქტებში იქნება შესაძლებელი - Palitra News

სასკოლო ფორმების შეძენა 1-14 სექტემბერს სპეციალურ პუნქტებში იქნება შესაძლებელი

2026-08-31 20:21:00+04:00

2026 წლიდან საჯარო სკოლებში მოსწავლეებისთვის სასკოლო ფორმის ტარება სავალდებულო ხდება. მშობლებს ფორმების შეძენა ხვალიდან, 14 სექტემბრამდე, სპეციალურ პუნქტებსა და ონლაინ პლატფორმებზე შეეძლებათ. ერთი ფორმის ღირებულება 95 ლარს შეადგენს.

ფორმებს უფასოდ მიიღებენ სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული მოსწავლეები, თუ ოჯახის სარეიტინგო ქულა 65 001-ზე ნაკლებია. შეღავათი გავრცელდება შესაბამისი კატეგორიის მრავალშვილიან ოჯახებზეც.

უფასო ფორმებს ასევე მიიღებენ მინდობით აღზრდაში ჩართული და მცირე საოჯახო ტიპის სახლებში მცხოვრები ბავშვები, ასევე მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფრებსა და თბილისის ბავშვთა სახლში განთავსებული მოსწავლეები. შეღავათი უკრაინიდან ომის გამო საქართველოში სწავლის გაგრძელების მქონე ბავშვებსაც შეეხება.