ადვოკატი - მოგეხსენებათ, როგორი საგარეო პოლიტიკა იყო ირაკლი ღარიბაშვილის დროს, რამდენი ინიციატივა, თუნდაც ევროპასთან მიმართებაში - საჭირო გახდა, რომ მას აუცილებლად კორუმპირებული ადამიანის სახელი უნდა დარქმეოდა, რათა ეს რეიტინგი გაენულებინათ - Palitra News

ადვოკატი - მოგეხსენებათ, როგორი საგარეო პოლიტიკა იყო ირაკლი ღარიბაშვილის დროს, რამდენი ინიციატივა, თუნდაც ევროპასთან მიმართებაში - საჭირო გახდა, რომ მას აუცილებლად კორუმპირებული ადამიანის სახელი უნდა დარქმეოდა, რათა ეს რეიტინგი გაენულებინათ

2026-08-31 21:06:34+04:00

ირაკლი ღარიბაშვილს ჰქონდა რეიტინგი. ეს ყველაფერი იყო საცნაური მავანთათვის, შესაბამისად, მას აუცილებლადკორუმპირებული ადამიანის სახელი უნდა დარქმეოდა, რათა ეს რეიტინგი გაენულებინათ, - ამის შესახებ ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ადვოკატმა, ლილი გელაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ყოფილ პრემიერს არც ბიძინა ივანიშვილისთვის და არც ქვეყნისთვის არ უღალატია და ამასთან, არც ბიუჯეტის ფული მოუპარავს.

„ორჯერ იყო ქვეყნის პირველი პირი, მოგეხსენებათ როგორი საგარეო პოლიტიკა იყო მის დროს, რამდენი ახალი ინიციატივა, თუნდაც ევროპასთან მიმართებაში, ურთიერთობაში და ასევე, ყველაფერი ირაკლი ღარიბაშვილთან არის დაკავშირებული. რა თქმა უნდა, მას ჰქონდა რეიტინგი. მე არ გამოვრიცხავ, რომ დღესაც აქვს ეს რეიტინგი, ასევე არ გამოვრიცხავ კი არა, ვინმემ რომ მითხრას, ასეთი კვლევები არ ჩატარებულა, არ დავიჯერებ და ყველაფერი იყო საცნაური მავანთათვის.

ყველასთვის გასაგები იყო, რომ მას ქვეყნისთვის არ უღალატია, არც ბიძინა ივანიშვილისთვის უღალატია და არც ბიუჯეტიდან თეთრი არ მოუპარია. შესაბამისად, ალბათ, გახდა საჭირო და ფაქტია, ასე იყო, შემონათვალშიც ეს იგულისხმება, რომ მას აუცილებლად კორუმპირებული ადამიანის სახელი უნდა დარქმეოდა, რათა ეს რეიტინგი გაენულებინათ და მას აღარ ჰქონოდა 1%-იანი შანსიც კი, გადაზღვევის მიზნით, რომ პოლიტიკაში მობრუნებულიყო“, - განაცხადა ლილი გელაშვილმა „ტვ პირველთან“.