ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ლევან ხაბეიშვილის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტზე ბრალდებული ყოფილი ძალოვნების საქმის პროკურორის, ლაშა გამყრელიძის განცხადებით, ხაბეიშვილი გამოძიებასთან არ თანამშრომლობს.
აღნიშნულით მან უპასუხა შეკითხვას, გამოიკითხნენ თუ არა მოქმედი და
ყოფილი პოლიციის მაღალჩინოსნები, რომელთაც პოლიტიკოსი ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობასა და გულგრილობაში ადანაშაულებს.
როგორც პროკურორი განმარტავს, ხაბეიშვილთან ციხეში გამომძიებელიც იყო შესული, თუმცა, მან ჩვენება არ მისცა.
„ლევან ხაბეიშვილს არაერთხელ შეეთავაზა საპროცესო და საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილეობის მიღება, თუმცა, ის ჩვენთვის გაურკვეველი მიზეზით საპროცესო და საგამოძიებო მოქმედებებში არ იღებს მონაწილეობას, შესაბამისად, ჩემთვის უცნობია, ის რას აცხადებს მასმედიაში, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ის არ თანამშრომლობს გამოძიებასთან.
პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფებოდა გამომძიებელი, თუმცა, ლევან ხაბეიშვილმა ინფორმაციის მიწოდებაზე უარი განაცხადა",- განაცხადა გამყრელიძემ.
დღევანდელ სასამართლო პროცესზე პროკურორმა შესავალი სიტყვა წარმოთქვა.
პროცესს არც ერთი ბრალდებული არ დასწრებია.
საქმე ეხება სუს-ის სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის ერთ-ერთი განყოფილების ყოფილი უფროსისა და შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლის ბრალდებას.
ცნობისთვის, პროკურატურამ, 2024 წლის აქციების ფარგლებში, მომიტინგე ზვიად მაისაშვილის, პოლიტიკოს ლევან ხაბეიშვილისა და ჟურნალისტ გურამ როგავას მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე ხუთი პირი, მათ შორის სამი ყოფილი და ერთი მოქმედი სპეცრაზმელი დააკავა, ასევე, ერთი შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მოქმედი თანამშრომელი.
ორი სპეცრაზმელი სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, უკვე პატიმრობაში იმყოფება.
ხუთივე დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის ბ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტებას გულისხმობს, ხოლო როგავას ეპიზოდზე დაკავებულ პირს დამატებით წარედგინა ბრალდება 154-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ძალადობით, უკანონოდ ხელის შეშლას გულისხმობს. წარდგენილი ბრალდებები სასჯელის სახედ და ზომად 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გურამ როგავასა და ზვიად მაისაშვილის საქმის განხილვა ცალკე ეპიზოდად მიმდინარეობს.