თქვენი ყურება მინდა მივაპყრო იმ 9 პირზე, რომლებიც ძალადობდნენ აქციებზე, იხდიდნენ სასჯელს, შემდეგ მოინანიეს დანაშაული და საქართველოს პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით მიმართეს - რეაგირება, რაც ჩვენ ამ 9 პირის მიმართ რადიკალური და ძალადობრივი ჯგუფების მხრიდან ვიხილეთ, ყოველგვარ მორალურ და ზნეობრივ სტანდარტს სცდება და ამორალური პროპაგანდის ფსკერს წარმოადგენს, აგენტურულ ჯგუფებს ძალიან ეწყინათ მათი გათავისუფლება,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ რატი იონათამიშვილმა პლენარული სხდომის პირველ საშემოდგომო სესიაზე განაცხადა.
იონათამიშვილის თქმით, საქართველოს პრეზიდენტის ჰუმანურმა აქტმა ამ 9 პირის მხრიდან დანაშაულის აღიარებამ და მონანიებამ კიდევ ერთხელ ახალა ფარდა რადიკალურ ოპოზიციას, ვინაიდან „მათ შეწყალებული პირები ბულინგის მთავარ ობიექტებად აქციეს“.
„26 აგვისტოს საქართველოს პრეზიდენტმა შეიწყალა 226 მსჯავრდებული. ეს იყო სახელმწიფოს მეთაურის და სახელმწიფოს მხრიდან გადადგმული ჰუმანური აქტი, რომელმაც იმ ადამიანებს, რომლებმაც დანაშაული აღიარეს და მოინანიეს, მისცა შესაძლებლობა დაჰბრუნებოდნენ არა მხოლოდ საკუთარ ოჯახებს, არამედ კეთილსინდისიერი ცხოვრების წესს. შეწყალების ეს აქტი იმ ჰუმანური პოლიტიკის გაგრძელებაა, რომელსაც ჩვენი ხელისუფლება ახორციელებს. ცხადია, ჩვენ ვერ მივიღებთ კრიტიკას იმ პირების მხრიდან, ვისაც 2012 წელს 24 500 პატიმარი ჰყავდა ციხეებში გამოკეტილი და შეგახსენებთ, ერთ პატიმარზე დამამცირებლად ცოტა- 300 ლარსაც კი არ ხარჯავდა. ცნობისთვის, დღეს ეს თანხა ერთ პატიმარზე თვეში 2000 ლარამდეა გაზრდილი. მაგრამ ახლა თქვენი ყურადღება მინდა მივაპყრო იმ 9 პირზე, რომლებიც ძალადობდნენ აქციებზე, იხდიდნენ სასჯელს, შემდეგ მოინანიეს დანაშაული და საქართველოს პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით მიმართეს. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ არაერთხელ განაცხადა, რომ შეწყალების და ამნისტიის საკითხის განხილვისთვის მთავარი და პრინციპულად მნიშვნელოვანი წინაპირობა დანაშაულის აღიარება, სინანული და მონანიება იყო და ეს ასეც მოხდა. მაგრამ ის რეაგირება, რაც ჩვენ ამ 9 პირის მიმართ რადიკალური და ძალადობრივი ჯგუფების მხრიდან ვიხილეთ, ყოველგვარ მორალურ და ზნეობრივ სტანდარტს სცდება და ამორალური პროპაგანდის ფსკერს წარმოადგენს. ფაქტია, რომ უსამშობლო აგენტები ამ ახალგაზრდებს ძალადობისა და საკუთარი ინტერესებისთვის იყენებდნენ, აგენტურულ ჯგუფებს გაუხარდათ მათი დაპატიმრება და ძალიან ეწყინათ მათი გათავისუფლება. საქართველოს პრეზიდენტის ჰუმანურმა აქტმა, ამ 9 პირის მხრიდან დანაშაულის აღიარებამ და მონანიებამ კიდევ ერთხელ ახადა ფარდა რადიკალურ ოპოზიციას და საზოგადოებას მათი ამორალური ხასიათი დაანახა, ვინაიდან მათ შეწყალებული პირები ბულინგის მთავარ ობიექტებად აქციეს. სწორედ ეს არის ის ღირებულებითი სხვაობა, რომელიც ჩვენს შორის არსებობს -რადიკალურ აგენტურულ ჯგუფებსა და „ქართულ ოცნებას“ შორის. აგენტურული ჯგუფები მუდმივად ირჩევენ სიძულვილს, ბულინგს, ზიზღს, მათ შორის, ხშირად ერთმანეთის მიმართ, ყველაზე რადიკალური და მიუღებელი მიმართულებებითა და ხასიათით, მაშინ, როდესაც „ქართული ოცნება“ დგას სამართლიანობის, პასუხისმგებლობის, ანგარიშვალდებულებისა და ჰუმანურობის პრინციპებზე და ეს, რა თქმა უნდა, რაც დრო გავა, კიდევ უფრო თვალსაჩინო გახდება და სწორედ ამიტომ არის, რომ რადიკალური ჯგუფები მიუღებელია ჩვენი საზოგადოებისთვის და როგორც ჩანს, ეს აგენტურული ჯგუფები თავიანთი პატრონებისთვისაც მალე მიუღებლები გახდებიან“, - განაცხადა იონათამიშვილმა.
ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით, 226 პირი შეიწყალა. შეწყალებულ პირთა შორის არიან 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული ავთანდილ თოფჩიშვილი და თორნიკე მჭედლიშვილი, ასევე, საპროტესტო აქციების დროს დაკავებული ფრიდონ ბუბუტეიშვილი, დავით ხომერიკი, სიმონ მახარაძე, საბა ჯიქია, გურამ ხუტაშვილი, დანიელ მუმლაძე და დენის კულანინი.