„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობითი საბჭოს თავმჯდომარის, ირაკლი ფავლენიშვილის განცხადებით, საქართველოში რუსეთის მოქალაქეები მასობრივად და უკონტროლოდ შემოდიან.
ფავლენიშვილმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტთან გამართულ ბრიფინზე განაცხადა, რომ ქვეყანაში რუსეთის გავლენის ზრდა საქართველოს მოქალაქეებსა და ბიზნესს საფრთხეს უქმნის.
მისივე თქმით, 2022 წლიდან საქართველოში დაახლოებით 40 ათასი რუსული კომპანია დარეგისტრირდა, რაც, მისი შეფასებით, ადგილობრივ მცირე და საშუალო ბიზნესს დამატებით პრობლემებს უქმნის.
ფავლენიშვილი ასევე ყურადღებას ამახვილებს რუსეთთან გაზრდილ ავიამიმოსვლაზე და აცხადებს, რომ მოსკოვის მიმართულებით დღეში რამდენიმე რეისი სრულდება. მისივე შეფასებით, არსებობს სანქციების გვერდის ავლის ეჭვიც.
ირაკლი ფავლენიშვილის გზავნილებს უკვე გამოეხმაურნენ „ქართულ ოცნებაში“ - მმართველი პარტიის წარმომადგენლები ოპოზიციონერის ბრალდებებს უარყოფენ.