აფხაზი ბლოგერის, დაურ ბუავას გარდაცვალების საქმის პროკურორის დავით ყაზარაშვილის განცხადებით, დაკავებულები - საბა ბოჭორიშვილი და გივი გუდაძე აცხადებენ, რომ თავადაც მიიღეს ნარკოტიკული საშუალება, რაც დაურ ბუავამდე მივიდა და გახდნენ ცუდად, თუმცა არცერთ მათგანს არ შეუტყობინებია ბუავასთვის შედეგი, რაც ნარკოტიკული საშუალების მიღებას მოჰყვა.
პროკურორის თქმით, ერთ-ერთი ბრალდებული აცხადებს, რომ წარსულში დაურ ბუავასთან ერთად თავადაც აქვს მოხმარებული ნარკოტიკული საშუალებები, რომელიც მისი იყო.
„მათ თავადაც მიიღეს ის ნარკოტიკული საშუალება, რაც დაურ ბუავამდე მივიდა. ორივე ბრალდებული თავად აცხადებს ჩვენებაში, რომ გახდა ცუდად ამ ნარკოტიკული საშუალების მიღების შედეგად. თუმცა არცერთ მათგანს არ შეუტყობინებია ბუავასთვის ან მესამე ბრალდებულისთვის, რომ ასეთი შედეგი მოჰყვა ნარკოტიკული საშუალების მიღებას. რა თქმა უნდა, ეს დამამძიმებელი გარემოებაა მორალური თვალსაზრისით.
ბრალდებული აცხადებს, რომ ეს ნარკოტიკული საშუალება იპოვა, ამ მიმართულებით, რა თქმა უნდა, ვაგრძელებთ გამოძიებას. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ დადგინდეს, უშუალოდ საიდან ჰქონდათ ეს ნარკოტიკული საშუალება.
ორი ბრალდებულიდან ერთ-ერთს ბრალად ედება სხვა დანაშაულებთან ერთად ის, რომ უშუალოდ მან გადასცა ნარკოტიკული საშუალება მესამე ბრალდებულ ქალბატონს, რომელიც მან შემდეგ დაურ ბუავასთან ერთად მოიხმარა და ერთ-ერთი ბრალდებული, რომელსაც ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვა აქვს წარდგენილი ბრალად, მას თავად აქვს ნათქვამი, რომ წარსულში დაურ ბუავასთან ერთად მოხმარებული აქვს ნარკოტიკული საშუალებები, რომელიც მისი იყო, მას ჰქონდა მოპოვებული. ძირითადად მარიხუანაზეა საუბარი, თუმცა სხვა ნარკოტიკული საშუალებებიც იყო.
ერთ-ერთ კვების ობიექტზე მუშაობდა ორივე მათგანი და დაურ ბუავა იქ გაიცნეს და ჩამოუყალიბდათ ურთიერთობა. ერთ-ერთ მათგანი თვეების წინ იცნობდა, მეორემ ერთი თვის წინ გაიცნო. ძირითადად ნარკოტიკულ საშუალებებთან დაკავშირებით [ჰქონდათ ურთიერთობა]”, - განაცხადა პროკურორმა დავით ყაზარაშვილმა.
დავით ყაზარაშვილი აცხადებს, რომ სხვა ადამიანისთვის ნარკოტიკული საშუალების გადაცემა დანაშაულია და მოუწოდებს საზოგადოებას, რომ ყველანაირი ასეთი ქმედებებისგან თავი შეიკავონ.
„მინდა მივმართო საზოგადოებას, მინდა ყველამ იცოდეს, ვისაც ნარკოტიკული საშუალებების გავრცელებაში აქვს მიღებული მონაწილეობა, ან დღესაც აკეთებს, ამ ადამიანების ჩადენილ ქმედებას შეიძლება ძალიან მძიმე შედეგები მოყვეს. აქედან გამომდინარე, ჩემი მოწოდებაა, რომ კარგად დაფიქრდეს ყველა, რას აკეთებს. მით უმეტეს, სხვა ადამიანისთვის ნარკოტიკული საშუალების გადაცემა, თუნდაც უსასყიდლოდ, დანაშაულია. ყველანაირი ასეთი ქმედებებისგან თავი შეიკავეთ”, - აცხადებს პროკურორი.