ღარიბაშვილი თავის წერილში თვითმკვლელობით შენიღბულ მკვლელობებში ამხელს კობახიძეს და მდინარაძეს , - ამის შესახებ სოციალურ ქსელში „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერი, ნიკა გვარამია წერს, რითაც ყოფილი პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილისწერილს ეხმაურება.
ნიკა გვარამიას თქმით, საზოგადოებისთვის ცნობილი თვითმკვლელობები და თვითმკვლელობის მცდელობები ლეგიტიმური შეკითხვებს ბადებს და ღარიბაშვილის დღევანდელი განცხადება, ამ შეკითხვებს მეტ სიმწვავესა და აქტუალურობას სძენს.
„ღარიბაშვილი თავის წერილში თვითმკვლელობით შენიღბულ მკვლელობებში რომ ამხელს კობახიძეს და მდინარაძეს, უინტერესო და დასაიგნორირებელი ვერ იქნება.
თუ მაინცა და მაინც უნდა გავიხსენოთ ამ პერიოდების თვითმკვლელობები ან თვითმკვლელობის მცდელობები (აქამდე საზოგადოებისთვის ასეა ცნობილი), ესენია:
თორნიკე რიჟვაძე, 2025 წლის ივლისი (მცდელობა);
დავით გოგობერიშვილი, გლდანის ციხის დირექტორი, 2025 წლის ოქტომბერი (ფიგურირებდა ბაჩიაშვილის საქმეში);
სუსის თანამშრომელი, ჩაქვის ტურბაზის ტერიტორიაზე, სახელი სუსს არ გაუმჟღავნებია, 2025 წლის ოქტომბერი;
სიმონ წაქაძე, სუსის ანტიკორუფციული სააგენტოს უფროსი ინსპექტორი, 2026 წლის იანვარი;
როგორც თავად ღარიბაშვილი წერს, მათ რიგში უნდა განვიხილოთ უფლებადამცველი ლაზარე ჯორბენაძე (წარსულში კონტრდაზვერვის უფროსის მოადგილე), 2026 წლის აპრილი;
ხაშურში, საკუთარ მანქანაში, სუსის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომელი, სახელი და გვარი არ გაუმჟღავნებია სუსს, 2026 წლის მაისი;
ბაქარ ბექაური, გორის პოლიციის განყოფილების დეტექტივი, 2026 წლის 7 ივნისი (მონაწილეობდა გორის პოლიციის თანამშრომლების მიერ მოქალაქის ცემის სკანდალში, რისი ვიდეოკადრებიც საჯაროდ გავრცელდა);
ფართოდ გავრცელებული, მაგრამ დაუდასტურებელი ინფორმაციით, ასევე, სუსის და პროკურატურის ზეწოლის შედეგად თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე დავით ნანავამ, ღარიბაშვილის ცოლის ძმის სიმამრმა, 2026 წლის აგვისტო;
ჩამონათვალში არის სახელები და გვარები, ვისთან დაკავშირებითაც საზოგადოებაში არსებობს ლეგიტიმური შეკითხვები. ღარიბაშვილის დღევანდელი განცხადება, ბუნებრივია, ამ შეკითხვებს მეტ სიმწვავესა და აქტუალურობას სძენს“, - წერს ნიკა გვარამია.
ცნობისთვის, ყოფილი პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გავრცელებულ წერილში ნათქვამია, რომ საზოგადოებაში დღემდე რჩება პასუხგაუცემელი კითხვები არაერთი ადამიანის თვითმკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით, რომლებსაც ადგილი ჰქონდა ირაკლი კობახიძისა და მამუკა მდინარაძის მმართველობის დროს.