ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გამოქვეყნებული წერილების ირგვლივ საუბარი არ გვქონია, არც მას უხსენებია და არც მე დამისვამს ამის ირგვლივ კითხვები, - ამის შესახებ სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა პენიტენციური დაწესებულებიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა, სადაც მან ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მოინახულა.
როგორც სახალხო დამცველი აღნიშნავს, ღარიბაშვილთან მან ხანგრძლივ პაემნებთან დაკავშირებით არსებულ სიტუაციაზე ისაუბრა.
„ირაკლი ღარიბაშვილი მოვინახულე მის საცხოვრებელ საკანში, გავეცანი მისი ციხეში ყოფნის პირობებს, მათ შორის, ყველა საკითხზე ვესაუბრე, რაც შეეხება მის ჯანმრთელობას, კვებას და ა.შ. ყველაფერზე ამომწურავი ინფორმაცია მივიღე. რაც შეეხება იმ საკითხს, რასთან დაკავშირებითაც ვიყავი შესული, ანუ პაემანთან დაკავშირებით, დიახ, ბატონ ირაკლის განცხადებით, შეთანხმებული იყო წამახალისებელი, მესამე, გრძელვადიანი პაემანი, რომელიც შემდეგ გაუქმდა. თუმცა, ამის შესახებ დამატებით დოკუმენტაციას ან წერილობით მიმართვას ადგილი არ ჰქონია, ვინაიდან ეს პაემანი წარმოადგენს ციხის დისკრეციას, ციხის დაწესებულების ხელმძღვანელის უფლებამოსილებას. ბატონი ირაკლის განცხადებით, იყო ასეთი დაპირება, თუმცა, ის შემდეგ შეიცვალა.
ასევე ვესაუბრე ციხის ადმინისტრაციასაც, მოვისმინე მათი პოზიციაც. მათ რამე განსაკუთრებული დამოკიდებულება ნეგატიური, ან უარყოფითი, რა თქმა უნდა, არ აქვთ პატიმრის მიმართ. ასევე მათი განწყობაა, რომ ის წამახალისებელი პოლიტიკა, რომელიც გააჩნდათ ირაკლი ღარიბაშვილის მიმართ, ისევე, როგორც სხვა პატიმრების მიმართ, ეს პრაქტიკა არსებობს ციხეში, რომ წახალისებას იღებს ბევრი პატიმარი, ეს პოლიტიკა გაგრძელდეს მათი მხრიდან. რაც შეეხება იმ პერიოდში რატომ ვერ მოხერხდა ამ პაემნის ჩანიშვნა, ციხის ადმინისტრაციის განმარტებით, ეს უკავშირდება ინფრასტრუქტურულ საკითხებს, რემონტი მიმდინარეობდა იმ რამდენიმე ადგილას, სადაც შეხვედრები ხდება, იმ პერიოდში ამიტომ ვერ მოხერხდა მათი განცხადებით ამ პაემნის ჩანიშვნა. თუმცა, სამომავლოდ, შემიძლია დავადასტურო, რომ ციხის ადმინისტრაციას რამე ტიპის პრინციპული წინააღმდეგობა, რომ ბატონი ირაკლის მიმართ გაგრძელდეს, ის დამოკიდებულება, რომელიც აქამდე ჰქონდა, ანუ ის პერიოდულად იღებდა წამახალისებელ პაემნებს“, - განაცხადა იოსელიანმა.
მას ასევე დაუსვეს კითხვა, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გუშინ გამოქვეყნებულ წერილთან დაკავშირებითაც, ესაუბრა თუ არა ის აღნიშნულზე ექსპრემიერს.
„ბატონი ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გამოქვეყნებული წერილების ირგვლივ საუბარი არ გვქონია, არც მას უხსენებია და არც მე დამისვამს ამის ირგვლივ კითხვები. თუ დანაშაულის შესახებ ვრცელდება ინფორმაცია, ეს საინტერესო უნდა იყოს საგამოძიებო უწყებებისთვის, როდესაც საგამოძიებო უწყებები გონივრულ ვადაში არ ახდენენ პრობლემის იდენტიფიცირებას, გამოძიებას, ამ შემთხვევაში არის პრაქტიკა, როცა სახალხო დამცველს მიმართავენ და სახალხო დამცველი ინტერესდება, რა არის გაჭიანურების მიზეზი. ყველა კითხვას, რაც ეხება დანაშაულს, შესაბამისმა უწყებამ უნდა მოახდინოს რეაგირება“, - განაცხადა იოსელიანმა.
კიდევ ერთ კითხვაზე, ესაუბრა თუ არა ღარიბაშვილს მისი მხრიდან გაჟღერებულ ფსიქოლოგიური ზეწოლის ფაქტზე, ან უსაფრთხოების ზომების დაცვასთან დაკავშირებით, იოსელიანი ასე პასუხობს: „ბატონმა ირაკლიმ რაც გადმომცა, ეს შემიძლია გავაჟღერო“.
„რაც შეხება მის საპატიმრო პირობებს, მათ შორის, ადმინისტრაციის მხრიდან მის მიმართ მოპყრობის პირობებს, ამასთან დაკავშირებით მას არანაირი პრეტენზია არ გამოუთქვამს. ასეთ რამეს ადგილი რომ ჰქონოდა, დამერწმუნეთ, პირველი ამას ვიტყოდი. რასთან დაკავშირებითაც მას პრეტენზია ჰქონდა, ეს იყო პაემნის გაუქმების ამბავი, რის შესახებაც მოგახსენეთ. ამაზე მეტის თქმა გამიჭირდება“, - განაცხადა იოსელიანმა.
შეგახსენებთ, ირაკლი ღარიბაშვილისადვოკატმა ლილი გელაშვილმა რამდენიმე დღის წინ სახალხო დამცველს მოუწოდა, შევიდეს ირაკლი ღარიბაშვილთან. ადვოკატის თქმით, ირაკლი ღარიბაშვილის უფლებები ირღვევა, რაც სახალხო დამცველის მიერ უნდა გადამოწმდეს.
„26 აგვისტოს ჩანიშნული იყო ხანგრძლივი პაემანი. მას უნდა ენახა თავისი შვილები, რომლებიც სამი თვის განმავლობაში არ უნახავს და ეს პაემანი გაუუქმეს. ჩანიშნული პაემნის გაუქმება როგორ არის სიცრუე, ეს არ არის რთული გადასამოწმებელი", - განაცხადა ადვოკატმა.